დიაბეტის საერთაშორისო ასოციაციის IDF 2015 წლის მონაცემებით მსოფლიოში 415 მილიონ ადამიანს აქვს დიაბეტი და მათგან 59,8 მილიონი ევროპაშია. საქართველოში ეს რიცხვი 218,900 პაციენტით განისაზღვრება.
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე გვესაუბრა დიაბეტის გამომწვევი მიზეზებისა და იმ ფაქტორების შესახებ, რამაც, შესაძლოა დაავადება გამოიწვიოს.
ქალბატონო მარინა, როგორი ტენდენციაა დღეს ქვეყანაში, არის გაზრდილი ბავშვთა მომართვიანობა?
დიდად არა. საქართველო მიეკუთვნება ისეთი ქვეყნების რიცხვს, როგორებიცაა უნგრეთი და ისრაელი და ინსიდენსი, რომელიც გამოითვლება შესაბამისი ასაკის მოსახლეობის ყოველ ასი ათას მოსახლეზე ყოველწლიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევით, მაღალი არ არის.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად ჩვენთან ნულიდან თვრამეტ წლამდე დაახლოებით 95-98 ბავშვს უვლინდება პირველი ტიპის დიაბეტი, თუმცა ეს ციფრები რომ გადავიყვანოთ ინსიდენსზე, ანუ მთელ მოსახლეობაზე, ამაზე ზუსტი მონაცემები არ მაქვს.
დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა მომატებულია ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მთელ მსოფლიოში ასეა და არავის უკვირს. ეს ყველა იმ პროცესზეა დამოკიდებული, რაც ბავშვის იმუნურ სისტემაში ცვლილებას იწვევს და ეს შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორები, ონკოლოგია, ეკოლოგია, ტოქსინები, არასწორი კვება, ანუ კვებაში ტოქსიკური ნივთიერებები.
დიაბეტი, ძირითადად, იმუნური სისტემის დაავადებაა, განპირობებული გენეტიკურად, ავტოიმუნური დაავადება გახლავთ, როდესაც დეტა უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ინსულინს, ავტოიმუნური პროცესის შედეგად ზიანდებიან.
არსებობს თავიდან აცილების რაიმე მექანიზმი? ან თუნდაც პრევენციის?
პრაქტიკულად, არ არსებობს. ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის ანტივირუსული დაცვა. კი ბატონო, გავაჯანსაღოთ ეკოლოგია, ვებრძოლოთ სტრესებს.
ანუ გამოდის, რომ ამ კონკრეტული დაავადების თავიდან ასაცილებლად წერტილოვან დარტყმებს ვერ განვახორციელებთ?
არა, წერტილოვანი დარტყმა ვერ მოხერხდება. ამაზე მიდის კვლევები. მსოფლიოში ყველაზე დიდი გავრცელების მაჩვენებელი აქვს ფინეთს, რომელსაც ჩვენთან შედარებით, გაცილებით უკეთესი ეკოლოგია აქვს. ზოგადად, სამხრეთის ქვეყნებში ბავშვებში პირველი ტიპის დიაბეტი ნაკლებად არის განვითარებული, საპირისპიროდ ჩრდილოეთის ქვეყნებისაგან, სადაც სწორედ პირველი ტიპის დიაბეტია გავრცელებული.
ერთი საინტერესო მაგალითია კიდე სარდინია. მთელ იტალიაში ინსიდენსი არის 8-9, ხოლო კონკრეტულად სარდინიაზე არის 30. ჯერჯერობით უცნობია, რა არის ამის მიზეზი, რადგან პირველი ტიპის დიაბეტი მულტიფაქტორულია და ძნელია იმ ფაქტორის გამოყოფა, რომელიც წამყვანია. დაახლოებით 50% მოდის შინაგან ფაქტორებზე და დარჩენილი 50% – გარეგან ფაქტორებზე.
შინაგან ფაქტორებს მაინც ვერაფერს ვუზამთ, რადგან იმუნური სისტემის ეფექტური დაცვის მექანიზმი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ანუ იმუნური ტოლერანტობის დარღვევის ეფექტური პრევენცია დღეს მსოფლიოში არ არსებობს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, პირველი ტიპის დიაბეტი ბავშვებში მაინც ავტოიმუნური დაავადებების რანგში გადის და ამას რომ გარემოფაქტორების ემატება, კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია.
მეორე ტიპის დიაბეტი პანდემიაა, პირველი ტიპის რაოდენობა იმატებს, თუმცა მხოლოდ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩამოვაყალიბოთ ის რისკ-ფაქტორები, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს დიაბეტი?
გამოვყოფდი, რომ აუცილებელია ძუძუთი კვება. ცნობილია, რომ ადრეულ ასაკში კვების რეჟიმში მინარევების შეტანამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულება. ანუ, ძუძუთი კვება უნდა გახანგრძლივდეს, ბავშვები უნდა დავიცვათ სტრესისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. და ასევე, ანტივირუსული დაცვა, ჯანსაღი კვება და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, თუ გვსურს,რომ ჩვენი შვილები იყვნენ ჯანმრთელნი.
სახელმწიფო ეხმარება დიაბეტით დაავადებულ მოქალაქეებს?
საქართველოში ყველა ბავშვი და მოზარდი მომარაგებულია მსოფლიოში საუკეთესო ადამიანის ინსულინით, საკონტროლო ტექნიკური საშუალებებით, ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი უფასოა. ჩვენთან ძლიერი სახელმწიფო პროგრამა არსებობს პირველი ტიპის დიაბეტის მართვის.
განსხვავებით თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნებისაგან, სადაც ამ საკითხისადმი მიდგომის გამართული სისტემა არ არსებობს და დიაბეტურ განათლებას არ აქცევენ დიდ ყურადღებას. ამ ქვეყნებიდან ბევრი ჩვენთან ჩამოდის სამკურნალოდ.
ანუ, ყველას გასაგონად რომ ვთქვათ, დიაბეტი ტრაგედია არ არის.
არ არის ტრაგედია, არავითარ შემთხვევაში. მეტსაც გეტყვით, დიაბეტი აბსოლუტურად კონტროლირებადია. რასაკვირველია, რეალობაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, რომ ქრონიკულ დაავადებებს შორის დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე რთული სამართავია, მაგრამ თუ არის კარგი გუნდი, რომელიც მშობელს ასწავლის, აძლევს რეკომენდაციებს და მშობელიც არის მონდომებული, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ გერმანელი ექიმის მიშელ ბერგერის სიტყვები ლოზუნგად, რომ დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების განსაკუთრებული წესია. ამ შემთხვევაში ყველაფრის მართვა შესაძლებელია. მთავარია არსებობდეს მოტივაცია. ოჯახი მონდომებული უნდა იყოს.