ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და „გლობალური ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე – რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია.
პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, „გლობალური ალიანსის“ ხელმძღვანელი პირები. ასევე, უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც გადალახა ყოველგვარი საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და მიიღო პანდემიის სახე. სწორი, რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ინტერვენციაა ინფექციების სამკურნალოდ და მეორეს მხრივ მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან ბრძოლაში.
კონფერენციაზე გაკეთებული პრეზენტაციებით მოხდება ანტიმიკრობულ თერაპიაზე ევროპული გამოცდილების გაზიარება და სენფორდის სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დანერგვის ინსტრუქციის პრაქტიკოსი ექიმებისათვის გაცნობა. პრეზენტაციას გააკეთებენ პროფესორი ელიზაბეთ ბუვე და პროფესორი მალვინა ჯავახაძე.
პროფესორი ელიზაბეთ ბუვე არის უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის სრული პროფესორი ინფექციური დაავადებების განხრით. მას საექიმო პრაქტიკა აქვს პარიზის ჩრდილოეთში განთავსებულ ბიშატის ჰოსპიტალის 60 საწოლიან ინფექციური დაავადებების განყოფილებაში. პროფესორი ბუვე მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ინფექციური კონტროლის დეპარტამენტს იმავე ჰოსპიტალში და ორგანიზებას უწევდა ანტიბიოტიკების დანიშვნის მობილურ სამედიცინო ჯგუფს. იგი არის ინფექციური დაავადებების სპეციალობის ნაციონალური კომიტეტის წევრი უმაღლესი განათლების სამინისტროში. 2011 წლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტ პარიზი-7-ში იგი არის სპეციალური ვებგვერდის საბჭოს წევრი, რომელიც განკუთვნილია ზოგადი პროფილის ექიმების მიერ ანტიბიოტიკების დანიშვნის საკითხებისათვის და ეწოდება „ანიტიბიოკლიკი“.
პროფესორი მალვინა ჯავახაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თერაპიული დეპარტამენტის, ინფექციურ სნეულებათა მიმართულების პროფესორი, აკად. ვ. ბოჭორიშვილის სახ. სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკის კლინიკური დირექტორი.
კონფერენციაზე პარალელურად მოხდება პრაქტიკოსი ექიმებისთვის სენფორდის ,,ანტიმიკრობული თერაპიის“ სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემის ქართული ვერსიის წარდგენა და თითოეული მონაწილისათვის გადაცემა. აღნიშნულ სახელმძღვანელოს საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული თითქმის ნახევარი საუკუნეა და თითოეული ამერიკელი ექიმისათვის ყოველდღიური მოხმარების წიგნს წარმოადგენს.