ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას, გატარებული რეფორმებისა და ფარმაკოლოგიური ბიზნესის მუშაობის საკითხებს ,,სოციალური დაცვის ლიგის“ დამფუძნებელი ბელა სონღულაშვილი გამოეხმაურა.
„რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 2012 წლიდან დაიწყო წინა პერიოდში არსებული მდგომარეობასთან შედარებით, დადებითი მოვლენაა ჯანდაცვის სფეროში. თუმცა, ვფიქრობ, რომ დღეს სადაზღვევო კომპანიებს საკმაოდ რთული შემთხვევების გამკლავება უწევთ, რადგან წლების განმავლობაში ადამიანები ვერ მკურნალობდნენ და ბევრი ისეთი პაციენტია, რომელსაც დღეს საკმაოდ შორს წასული დაავადება და რთული დიაგნოზი აქვს.
პირველადი ჯანდაცვის სფეროს გააქტიურება, რაც პრევენციასაც გულისხმობს, კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სხვა სერვისებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შემცირების ხარჯზე,“ – აღნიშნავს ,,სოციალური დაცვის ლიგის“ დამფუძნებელი.
რაც შეეხება ფარმაკოლოგიური ბიზნესი დღეს მონოპოლისტების ხელშია და ფასების ურთიერთგარიგების საფუძველზე რეგულირდება.
„როცა ყოფილი მინისტრები ან თანამდებობის პირები ხსნიან ახალ საავადმყოფოებს და მათთან ხელშეკრულებას დებენ მაღალჩინოსნები სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების საშუალებით, როგორ ფიქრობთ, ეს საეჭვო არ არის?
წარმოიდგინეთ, რომ მინისტრის მოადგილეს ჰქონდეს სააფთიაქო ქსელი და ყოფილი მაღანჩინოსნის მიერ დაარსებული სადაზღვევო კომპანიის საშუალებით კლინიკებს ამარაგებდნენ წამლებით, როგორ ფიქრობთ, ეს რას გამოიწვევს? ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი წლების განმავლობაში არსებული დაუსჯელობის სინდრომითაა გამოწვეული. ამიტომაც დღეს ფარმაკოლოგიური ბიზნესი მონოპოლისტების ხელშია“, – ამბობს სონღულაშვილი.