თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია გაიმართება. ღონისძიება დღეს, 11:00 საათზე დაიწყება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს ინიციატივით, 22 დეკემბერს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ტარდება.
მათივე განმარტებით, სკრინინგი ჩაუტარდებათ ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულ პირებს, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. სკრინინგი ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოძრავ ამბულატორიებში, რომლებიც ქალაქებსა და სოფლებში გადაადგილდებიან.
“სკრინინგი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, დაადგინონ აქვთ თუ არა C ჰეპატიტი და დადებითი პასუხის შემთხვევაში, დროულად დაიწყონ მკურნალობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში. უფასო სკრინინგის აქცია 9 ნოემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მოქალაქეებს უფასო სკრინინგი შეუძლიათ ჩაიტარონ თბილისის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და რეგიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ორსულებისთვის ექიმთან პირველი ვიზიტის ფარგლებში C ჰეპატიტის სკრინინგი უფასო გახდა.
უფასო სკრინინგის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაადგინოს აქვს თუ არა C ჰეპატიტი, რათა დროულად დაიწყოს მკურნალობა და განხორციელდეს C ჰეპატიტის ელიმინაციის მთავარი მიზანი- დაავადების სრული აღმოფხვრა საქართველოში”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.