სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, დღეიდან უკვე შეეძლებათ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების სიმბოლურ ფასად მიღება.
პირველმა ბენეფიციარებმა საჭირო მედიკამენტები დღეს „პე-ეს-პეს“ შესაბამისი აფთიაქიდან პირველად შეიძინეს და 3 თვის სამყოფ დოზაში მინიმუმ 5 თეთრი და მაქსიმუმ 1 ლარი გადაიხადეს.
წამლების გაცემის პირველ დღეს ბენეფიციარებს და აფთიაქის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე პირადად შეხვდა. მედიკამენტების გაცემის პროცესისა და პროგრამის დაწყების მონიტორინგის მიზნით, მან ბენეფიციარების და „პე-ეს-პეს“ წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინა.
თბილისში ჯერ-ჯერობით „პე-ეს-პეს“ 5 აფთიაქი მოემსახურება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, პაციენტები კი პირველ ეტაპზე 13 დასახელების, საერთაშორისო სტანდარტების მედიკამენტებს მიიღებენ.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ აღემატება 100 000-ს და აწუხებთ შემდეგი ქრონიკული დაავადებები: – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ფილტვის ქრონიკული დაავადებები; – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. – დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)