დღეიდან საპენსიო ცვლილებები ძალაში შედის. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც პირველი ივლისიდან შედის ძალაში და აღნიშნა, რომ პენსიების ზრდის პროცესი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
„პირველი ივლისიდან პენსია გაეზრდებათ შშმ პირებს – მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას და ბავშვებს. 18 წლამდე ბავშვებში ეს კატეგორიები დიფერენცირებული არ არის. მათი პენსია, ისევე, როგორც ასაკით პენსიონერების, 180 ლარი გახდება. სულ ეს ცვლილებები შეეხება 35 000-მდე ადამიანს. ასევე, საპენსიო ცვლილებებია, რომელიც პირველი ივლისიდან შედის ძალაში, როდესაც ზრდა შეეხებათ ასაკით პენსიონერებს. ეს ზრდა აბსოლუტურ რიცხვებში გამოიხატება 20 ლარით ანუ პენსია გახდება 180 ლარი.
ბოლო 4 წლის განმავლობაში ასაკობრივი პენსიის საერთო სურათს რომ შევხედოთ, თუკი ჯამური ბიუჯეტი 2012 წელს 1,045 მილიარდი ლარი იყო, წელს ეს არის 1,570 მილიონი ლარი, ანუ საპენსიო ანაზღაურება ნახევარ მილიარდზე მეტით გაიზარდა. პროცენტულად ეს არის 65%-იანი ზრდა. ასევე მნიშვნელოვანია პენსიონერების საერთო რაოდენობა როგორ შეიცვალა ბოლო 4 წლის განმავლობაში. 2012 წელს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 680 000 ასაკით პენსიონერი, წელს რეგისტრირებულია 713 000“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ამავე საკითხთან არის კავშირში ცვლილებები, რომლებიც პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში და დაკავშირებულია მთის კანონთან. კერძოდ, მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერების პენსია 20%-ით გაიზრდება და 216 ლარი გახდება.