სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მესამე შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა და შრომითი უსაფრთხოებისთვის მარეგულირებელი ორგანოების როლზე და სისტემის გამართული მუშაობისთვის კომისიის ფუნქციაზე ისაუბრა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შრომის ინსპექციის მოვალეობას სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების შეფასება წარმოადგენს და არა უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება.
ამ მიმართულებით მონიტორინგის განხორციელება სხვადასხვა უწყების, მათ შორის – ეკონომიკის, შსს-ს, ადგილობრივი მუნიციპალტეტის, ან კონკრეტული კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურებს ევალება.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქცენტის გადატანა მინდა შრომითი ინსპექციიდან სხვა მიმართულებებზე. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება ექვსივე რგოლს სჭირდება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და არა მისი ერთ-ერთი რგოლის კრიტიკით შემოვიფარგლოთ.“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
სხდომაზე კოლექტიურ შრომით დავებში ჩართულ მედიატორთა დამტკიცების საკითხები, ასევე შრომის სამართლიან პირობებზე ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლებისა და პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობები განიხილეს. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამავე შეთანხმების 30-ე დანართით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელა.
სხდომაზე განსახლილველად შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტი იყო წარდგენილი. საქართველოში საპენსიო სისტემის რეფორმირებაზე ინიციატივა პროფესიული კავშირების გაერთიანებამ წარადგინა. სათათბირო ორგანომ სხვა რიგგარეშე საკითხები განიხილა.
სამმხრივი კომისიის სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ როსებაშვილი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი დაესწრნენ.
სამმხრივი კომისიის ფუნქციას დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვა წარმოადგენს. ბოლო შეხვედრა გასული წლის 11 აპრილს შედგა.
Jandacvis Saministro