მთავარი » სოციალური » შრომა » დავით სერგეენკო – შრომის ინსპექცია შექმნილია
დავით სერგეენკო: შრომის ინსპექცია უკვე შექმნილია

დავით სერგეენკო – შრომის ინსპექცია შექმნილია

შრომის ინსპექცია შექმნილია და რამდენიმე თვეა, მისი დაკომპლექტება და თანამშრომლების მომზადება მიმდინარეობს. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას, რომელიც აფაქიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მუშების დაღუპვის ფაქტს შეეხებოდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩამონგრევის შემთხვევაზე კონტროლი შრომის ინსპექციის მოვალეობა არ არის, რადგანაც ინსპექციის უფლებები სხვაა, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობა სხვა ფუნქციებს გულისხმობს.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ შრომის ინსპექცია უკვე შექმნილია, რამდენიმე თვეა მისი დაკომპლექტება, თანამშრომლების მომზადება მიდის მკაცრად გაწერილი გეგმის მიხედვით. მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ მიაწერენ შრომის ინსპექციას ყოვლისშემძლე ფუნქციებს, რადგან ტექნიკური ზედამხედველობა – რაც ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით იყო მიზეზი – სხვა მიმართულებაა, ხოლო შრომის ინსპექცია არის სხვა. შრომის ინსპექცია არის ტრეფიკინგის მსხვერპლის მუშაობა, პირადი პერსონალური უსაფრთხოების დაცვა და არა სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა,“ – განაცხადა სერგეენკომ.

ქვეყანაში შრომის ინსპექციის შესაქმნელად მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარე წლის დადგომისთანავე დაიწყო. ამისთვის მთავრობამ „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა” დაამტკიცა. სპეციალურად შექმნილ ჯგუფში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, კიდევ რამდენიმე უწყების წარმომადგენლები შედიან.

ჯგუფის მიზნად დასახელდა შრომის ინსპექციისთვის კადრების მომზადება. ასევე აღინიშნა, რომ მოხდება საკანონმდებლო ინიციატივების და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. უწყების თანამშრომელთა რიცხვი სავარაუდოდ 25 -30 ადამიანი იქნება. ქვეყანამ მოსამზადებელი ეტაპისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი გამოყო, რომელიც კადრების გადამზადებასა და ყველა სახის მოსამზადებელ სამუშაოებზე დაიხარჯება.

რაც შეეხება იმას, რომ შრომის პირობების მონიტორინგი ნებაყოფლობითია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ელზა ჯგერენაიას განცხადებით, ეს სავალდებულო ვერ იქნებოდა, რადგან ქვეყანაში ამის საკანონმდებლო რესურსი არ არსებობს.

„ვერცერთი საკანონმდებლო აქტი ვერ მოიპოვება, რომელიც დამსაქმებელს მონიტორინგს დაავადებულებს”- აცხადებს ჯგერენაია.

 

როგორც მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, პროგრამის ამოცანას წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროებების განსაზღვრა, ასევე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება-გადასინჯვა.

პროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან დამსაქმებლები, რომლებმაც ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ წერილობითი თანხმობა განაცხადეს და დასაქმებულები, რომლებიც ამ დამსაქმებლებთან მუშაობენ.

შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარით განისაზღვრა და საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, ,,შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების” პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან დაიფარება.

აღნიშნული პროგრამა შრომის ინსპექციის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს, რომელიც 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.

Commersant.Ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …