საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას C ჰეპატიტის უფასო სკრინინგით სარგებლობისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი მოწოდება ჯანდაცვის მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ბოლო დღეებია C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის თაობაზე კიდევ ერთი კამპანია მიმდინარეობს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო აქტივობისკენ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მარტივი ანალიზის საშუალებით გაიგონ აქვთ თუ არა ეს ინფეცია, რადგან მკურნალობა აბსოლუტურად მიწვდომადია. ჩვენ ვეცადეთ და პირველი შედეგებიც მივიღეთ, ჰეპატიტთან მიმართებაში მკაფიოდ ჩამოყალბებული სტიგმის მსხვრევა დაიწყო.
მე იმედი მაქვს, მომავალში მივაღწევთ, რომ შიდსზეც დავიწყოთ ამ სტიგმის მსხვრევა, რაც მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესებს შედეგებს და მკურნალობაზე წვდომას”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ზაფხულში ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ორკვირეული ჩატარდა და დაახლოებით, 15 000-მა ადამიანმა სკრინინგი უსასყიდლოდ ჩაიტარა. ახლა, მეორე ეტაპზე კი 50 000 მოქალაქის უფასოდ გამოკვლევა არის შესაძლებელი. უფასო სკრინინგი ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში თბილისში, მისამართზე ასათიანის 9, ასევე რეგიონალურ ცენტრებში.
“ჩვენი რეგიონალური ცენტრების ლაბორატორიები გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით 65-ვე მუნიციპალიტეტში ჩავლენ და მოქალაქეებს ნებაყოფლობით გამოიკვლევენ. ყველას მიეწოდება მომსახურება C ჰეპატიტთან მიმართებაში. ეს არის სწრაფი, მარტივი ტესტი, როდესაც პასუხი 20 წუთში გაქვთ. თუ პასუხი დადებითია, ამ შემთხვევაში პაციენტს ეძლევა სამახსოვრო, რომელ სამკურნალო ცენტრს უნდა მიმართოს, რათა ჩაიტარონ უფრო ღრმა გამოკვლევა და დაიწყონ მკურნალობა.
ასევე ნებისმიერ მსურველს გლობალური ფონდის პროექტით სთავაზობენ აივ ინფექცია შიდსზე სკრინინგს. სკრინინგი გაგრძელდება მომავალი 3- 4 თვის განმავლობაში”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.