მთავარი » კვირის ინტერვიუ » დავით კილაძე: ჰუმანითი ჯორჯიას აღვიქვამთ, როგორც მორიგ პარტნიორს
„ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას კომპანია დავით კილაძე ჩეულებრივ ამბავს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ჰუმანითი ჯორჯია“ მათთვის მორიგი მომწოდებელია.

დავით კილაძე: ჰუმანითი ჯორჯიას აღვიქვამთ, როგორც მორიგ პარტნიორს

„ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას კომპანია „ჯი პი სის“ გენერალური დირექტორი დავით კილაძე ჩეულებრივ ამბავს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ჰუმანითი ჯორჯია“ მათთვის მორიგი მომწოდებელია.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მორიგი მომწოდებელი შემოდის ბაზარზე, ჩვეულებრივი ამბავია, ასეთი ხდება ალბათ წელიწადში რამდენჯერმე. თუმცა აქ არის ის მომენტი გასათვალისწინებელი, რომ სახელმწიფოა დაინტერესებული ამ პროექტით და ისიც, როგორც ერთ-ერთი ბიზნეს სუბიექტი, ისე გამოდის ამ პროექტში. ვთვლი, რომ დრო აჩვენებს, ეს გაამართლებს თუ არა.

 მთელ მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა საჯარო-კერძო პარნიორობის. ჩემი აზრით, სახელმწიფო ბიზნეს აქტივობაში არ უნდა ერეოდეს, თუმცა ეს პრაქტიკაც არსებობს. არაფერი საგანგაშო არ არის იმაში, თუ იქნება ღია კონკურენცია, დაცული იქნება კონკურენციის წესები, არ იქნება ლობირება, პროტექცია, ფავორიტების შექმნა და ასე შემდეგ. ეს ძალიან ნორმალური, ჯანსაღი ამბავია.

ჩვენ, როგორც დისტრიბუციული კომპანია და საცალო ქსელი, დაინტერესებული ვართ ყველა ახალი მომწოდებლით, რომელიც ბაზარზე შემოდის დიდი ამბიციებით, ეს ბუნებრივია“, – მიაჩნია დავით კილაძეს.

– რა კომენტარს გააკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი მედიკამენტები არსებულ ანალოგებთან შედარებით, მინიმუმ 30 %–ით იაფი იქნება? 

ეს ესეა. ახალი ამაში არაფერია, ჩვენ ამას ხუთი წელია ვამბობთ. ჯენერიული პროექტი ერთ-ერთმა პირველმა ამ ბაზარზე განვახორციელეთ ჩვენ და მართლაც ვიცით, რომ ჯენერიული მედიკამენტები, როგორც წესი, 30 და ზოგჯერ 40%-ით იაფია ბრენდულ ჯენერიკებზე და ბრენდულ მედიკამენტებზე.

– რა მოსაზრება გაქვთ იმ გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, რომ თითქოს „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი მედიკამენტები უხარისხოა? 

ხარისხის საკითხი არის ცალსახად სახელმწიფოს პრეროგატივა, ამიტომ აქ არ გავჩერდები. ხარისხის საკითხი არ არის საცალო ქსელის და დისტრიბუტორის განსახილველი თემა. როდესაც მედიკამენტი იღებს რეგისტრაციას, ანუ დაშვებას ბაზარზე, ეს იმას ნიშნავს, რომ  ბაზარი აღიარებს ამ მედიკამენტის ხარისხს.

გარდა ამისა, აქვე მინდა გავუსვა ხაზი ერთ ფაქტს. კერძოდ იმას, რომ ქართული ფარმაცევტული ბაზარი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალკონკურენტულობით და თავისთავად კონკურენციამ შექმნა ის გარემოება, რომ ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში, ალბათ, ყველაზე განვითარებულია სხვა, ყოფილ საბჭოთა ქვეყნების,  ფარმაცევტულ ბაზრებთან შედარებით. ბაზარზე კიდევ ერთი ახალი კომპანიის შემოსვლა გახლავთ მაჩვენებელი იმისა, რომ ბაზარი გახსნილია ყველა სიახლისთვის.

მივესალმებით ახალ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელსაც მოვიაზრებთ, როგორც ჯენერიკების მომწოდებელ კომპანიას. ეს თემა ჩვენთვის არ არის ახალი, რამდენიმე წელია „ჯი პის სი“ ამას ახორციელებს და მივესალმებით ფაქტს, რომ იზრდება ჯენერიკების ასორტიმენტი. ჰუმანითი ჯორჯიას აღვიქვამთ როგორც მორიგ პარტნიორს, რომელიც მოგვაწვდის ხარისხიან მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასად.

news.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …