ინტერვიუ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურ დირექტორ დავით გადელიასთან
– ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, ქვეყანამ ყველაფერი გააჩერა, რომ მიეღო შედეგი და ეს შედეგი მივიღეთ. საქართველოში ეპიდემიის პირველი ტალღა ფაქტობრივად არ ყოფილა. დღევანდელი გადასახედიდან, სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ ეკონომიკური დანაკარგის თვალსაზრისით?
– არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ შიმშილით მოვკვდებით თუ ავადმყოფობით, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კი ვეუბნებით მათ: შეიძლება ავადმყოფობამ იმხელა დანახარჯი გამოიწვიოს, რომ ჯობია სახლიდან იმუშაოს და სამაგიეროდ სახელმწიფომ დამატებით დახმარება მისცეს, იმდენად დიდ ეკონომიკურ დანაკარგებთანაა ეს დაკავშირებული, განსაკუთრებით ვირუსის გავრცელების პიკში. ოქტომბერ-ნოემბერში სავარაუდოდ, ძალიან დიდი თანხების გაღება იქნებოდა საჭირო და მე ძალიან მეცოდება ჩვენი ქვეყანა. არა მხოლოდ ვინც ჰოსპიტალშია, ვინც სახლში გადის მკურნალობას, მასაც მოვლა და სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. ეს საკითხი ეკონომისტებსა და ექიმებს შორის დიდი ჭიდილის საგანია და ეს ბუნებრივია. ახლაც რომ გადავკეტოთ ყველაფერი, უცბათ დაიკლებს ინფიცირების რიცხვები, თუმცა ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს კომპრომისმა.
– ფიქრობთ, რომ ახლა დარღვეულია ბალანსი და გადაწყვეტილება ეკონომიკისა და ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებითაა მიღებული?
– დიახ, ახლა ბალანსი დარღვეულია. ამას ემატება ადამიანების უპასუხისმგებლობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. მათ მობეზრდათ ასე ცხოვრება თუ რა არის, არ ვიცი… მაგრამ პირბადე არის აუცილებელზე აუცილებელი! ორჯერ ვარ აცრილი, მაგრამ პირბადეს მუდმივად ვატარებ. ორჯერ აცრა აკეთებს ორ დიდ საქმეს – დაავადების რისკს ამცირებს, მაგრამ 20%-იანი რისკი რჩება, რომ დაავადდე. თუმცა, რომც დაავადდე, გარდაცვალება თითქმის გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არ ყოფილა და დაავადება მეტ-ნაკლებად მსუბუქად მიმდინარეობს.
– „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლამ რიგები გამოიწვია და შესაძლოა ეს რიგები დაავადების გადადების კერა გახდეს. შესაძლოა თუ არა ეს სიტუაცია განიმუხტოს და აცრის პროცესი უფრო ორგანიზებული გახდეს?
– ჩვენ ვართ კლინიკა, აცრები კი არაკლინიკური გამოცდილებაა, მოსაწყობია შესაბამისი პირობები. გუშინ, როდესაც „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო, დღის პირველ ნახევარში ბევრი ხალხი იყო, ყველას უნდოდა პირველივე დღეს აცრილიყო, თუმცა გამოვასწორეთ ეს სიტუაცია და დღეს და ხვალ ჩვენ კლინიკაში რიგები მოწესრიგდება.
– „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ მომხმარებელი სადაა?
– ეს ხალხიც გამოჩნდება, რადგან ჩინური ვაქცინების უმეტესობა ძველი ტექნოლოგიებითაა დამზადებული. რაც ჩვენი ბავშვობის დროს ხდებოდა, ბევრი იმას უფრო ენდობა. გვერდითი მოვლენებიც ბევრად ნაკლები აქვთ. იცით, რატომ მიაწყდა „ფაიზერს“ ყველაზე მეტი ადამიანი? მიჩვეულია, რომ ეს შედარებით ნეიტრალური ვაქცინაა ყველა ასაკისთვის და გართულება ნაკლებია, თუმცა „ასტრაზენეკაზე“ მაღალი დაცულობის ხარისხი „ფაიზერს“ არ აქვს.
– დავაკელით რამე ვაქცინაციას მარკეტინგის, საუბრის, ინფორმაციის მიტანის თვალსაზრისით? რამე გამოგვრჩა თუ აქ საუბარი იმაზეა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვიტანეთ დაგვიანებით?
– მცირე ერების ქვეყნებში პატარა ელემენტებსაც მნიშვნელობა აქვს. აცრების პირველი დღეები აღმავალი იყო, მაგრამ მოხდა ეს უბედურება, როდესაც ექთანი გარდაიცვალა. ამის შემდეგ დაჯავშნილი ადგილების 90%-ზე ხალხი აღარ გამოცხადდა. პატარა სახელმწიფოში ეს უფრო დიდ გავლენას ახდენს და ამ ერთმა შემთხვევამ ანტივაქსერული იდეები და ვაქცინაციის შიში გააძლიერა. ახლაც ხომ აჟიოტაჟური მოთხოვნაა, ამას ემატება პრესტიჟულობის საკითხი – რომ თუ „ფაიზერით“ აიცრები, უფრო კარგია, ქართველები ვართ და ასე ვფიქრობთ. მეშინია, რომ ამ აჟიოტაჟმა ერთ კვირაში არ გადაგვიაროს.
– ხომ არ უნდა იფიქროს მთავრობამ გარკვეული ეკონომიკური წამახალისებელი მექანიზმების ჩართვაზე? აცრა სავალდებულო არ უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს არჩევანი და არჩევანის შედეგად უნდა იგრძნოს ადამიანმა განსხვავებულობა. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ როცა სახელმწიფო უფასოდ გთავაზობს სხვადასხვა ვაქცინის ასორტიმენტს და შენ ამით არ სარგებლობ, თუ დაავადდები, მაშინ მკურნალობის თანხებიც თავად უნდა გადაიხადო?
– ძალიან მტკივნეული საკითხია- ეს თანხები რთული გადასახდელი იქნება. უნდა არსებობდეს აცრებისკენ წაბიძგების და არა იძულების მექანიზმი. იმუნიზაციის სტიმულირებისთვის უფრო მსუბუქი ხერხები უნდა გამოვიყენოთ – მაგალითად, თუ რეგულაციები მოითხოვს რესტორნების დახურვას, ორჯერადად აცრილი ადამიანისთვის ეს დაწესებულებები ღია უნდა იყოს. თავის მხრივ იმ რესტორანსაც, თუ მისი ყველა თანამშრომელი აცრილი იქნება, გარკვეული უპირატესობა ჰქონდეს.
– როგორ შეგვიძლია დავამშვიდოთ მოსახლეობა? რა იქნება ამის წანამძღვრები, რომ საზოგადოება ცოტა დამშვიდდეს, რადგან დღევანდელი მონაცემები ისევ პანიკის საფუძველს ქმნის?
– დამშვიდების პირველი საფუძველი ისაა, რომ ყველაზე საშინელი პანდემიაც დამთავრებულა – ესაა პირველი, რაც ყველამ უნდა იცოდეს. კაცობრიობას დიდი პანდემიები აქვს გამოვლილი და ყველა მათგანი დამთავრებულა. თუმცა ძალიან დამშვიდება და არხეინად ყოფნაც არაა საჭირო. ჩემი თანამშრომელი, რომელიც შარშან ავად გახდა და ორი აცრა გაიკეთა, დღეს ისევ ინფიცირებულია. დაცულობის 100%-იანი ხარისხი არ არსებობს. მესმის, ყველას მობეზრდა სიცხეში პირბადის ტარება, მაგრამ სრული დამშვიდების არანაირი საფუძველი არ გვაქვს, თუ საკუთარი თავი არ დავიცავით. პირბადე ვირუსს არ ატარებს, ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ხვდება მხოლოდ და მხოლოდ წვეთოვანი გზით, ანუ ჩვენი ნერწყვით და წვეთი პირბადეში ვერ „გაძვრება.“ ერთერთი მთავარი ფაქტორია ხალხმრავალი შეკრებებიც: ორ-სამ ქორწილსაც შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით ეპიდემიოლოგიური კოლაფსი გამოიწვიოს. ვაკეთებთ იმას, რომ დაიწიოს შემთხვევებმა? ახლაც უამრავი ქორწილი და ქელეხი იმართება ქვეყანაში. ასე რომ, 100%-იანი დაცვა არ არსებობს და არ უნდა მოვდუნდეთ. ჯერ კიდევ არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი.