„პაქსლოვიდს“ ის კოვიდინფიცირებულები მიიღებენ, რომლებსაც დაავადების დამძიმების მაღალი რისკები აქვთ, ერთერთი რისკფაქტორი კი აუცრელობაა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, „პაქსლოვიდი“ არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ვირუსს გამრავლების უნარს უკარგავს.
გაბუნიას განმარტები,“პაქსლოვიდის“ მიღების შემდეგ ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადამდები რჩება, მაგრამ მნიშვნემლივანია, მკურნალობა ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში დაიწყოს, რათა ვირუსი არ გამრავლდეს და სიმპტომები აღარ განვითარდეს.
პრეპარატი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვთ გართულების რისკი, არის არავაქცინირებული, აქვს მძიმე კლინიკური მიმდინარეობა. რისკჯგუფში ასევე შედიან ხანდაზმულები. პრეპარატის კრიტიკულ პაციენტებში გამოყენებას კი აზრი არ აქვს.
თამარ გაბუნია იმ მექანიზმს განმარტავს, რომლითაც მედიკამენტის პაციენტისთვის მიწოდება ხდება: ოჯახის ექიმი შეაფასებს ინფიცირებულის მდგომარეობას, გადაწყვეტს, რომ აქვს დამძიმების რისკი და, შესაბამისად, სჭირდება „პაქსლოვიდი“, შემდეგ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი პაციენტს მედიკამენტს ბინაზე მიუტანს. ოჯახის ექიმი კი გააკონტროლებს, იღებს თუ არა ადამიანი წამალს დანიშნულების მიხედვით.
რაც შეეხება საკითხს – ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის ფონზე, რამდენად მაღალი იქნება პაციენტების დამყოლობა? გაბუნია ამბობს, რომ მედიკამენტთან მიმართებაში პაციენტები უფრო დამყოლები არიან, რადგან ვაქცინა სამომავლო რისკებს აზღვევს, რომლის აღქმა შეიძლება არ ჰქონდეს ადამიანს და ეგონოს, რომ ვირუსი არ დაემართება. მედიკამენტი კი ინიშნება იმ დროს, როცა ადამიანი უკვე დაინფიცირებულია და იცის, რომ აქვს მთელი რიგი დაავადებები, რამაც შეიძლება კლინიკურად დაამძიმოს მისი მდგომარეობა. ამ დროს კი მეცნიერება სთავაზობს წამალს, რომელიც არის ეფექტური, გვერდითი მოვლენების გარეშე.
„საქართველოში ძალიან პოპულარულია ანტიბიოტიკების გამოყენება იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. ანტიბიოტიკების არარაციონალურად მიღება კი ბევრად დიდი ზიანის მომტანია. ამ შემთხვევაში კი საუბარია წამალზე, რომელიც რეალურად არის გადარჩენის შესაძლებლობა. ექიმებს მოუწევთ პაციენტებისთვის განმარტებების მიცემა, ჩვენც მივაწვდით ადამიანებს მეტ ინფორმაციას,“- განაცხადა თამარ გაბუმიამ.
რაც შეეხება უკუჩვენებებს, ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, „პაქსლოვიდთან“ მიმართებაშიც არსებობს გაფრთხილება, ღვიძლის და თირკმლის მძიმე დაავადების დროს ეს წამალი სიფრთხილით იქნას დანიშნული. თუმცა კატეგორიული უკუჩვენება ამ შემთხვევაში არ არსებობს. ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში კი, პირიქით, არის საფუძველი, რომ პრიორიტეტული იყოს ამ წამლის გამოყენება. ასევე არის მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელთა მიღების პარალელუად შესაძლოა არ იყოს რეკომენდებული „პაქსლოვიდის“ დანიშვნა და ეს უნდა გაითვალისწინოს ექიმმა, ვიდრე პაქსლოვიდს დანიშნავს.
„პაქსლოვიდით“ მკურნალობის კურსი 5-დღიანია, მიიღება დღეში ორჯერ – დილას და საღამოს 3 აბი ერთდროულად.
შეგახსენებთ: COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდი“- ს ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან.
„პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს.
მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა. „პაქსლოვიდი“ აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ. პრეპარატი უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში.