სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა შეაჯამეს.
მხარეებმა მედიის წარმომადგენლებს კვირეულის შედეგები გააცნეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასაქმების მასშტაბური პროგრამა უკვე მეორედ გამოაცხადა და პროექტის ფარგლებში საცალო გაყიდვების 365 სპეციალისტი დაასაქმა. ამჯერად, დასაქმების პროგრამა თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავდა.
ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი – დასაქმების ფორუმები სხვადასხვა ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ მხოლოდ თბილისში 260 კანდიდატი შეირჩა, რეგიონებში -105. გაყიდვების სპეციალისტის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს და მუდმივად მზარდია, სპეციალისტის გამოცდილებიდან და პორტფელიდან გამომდინარე.
ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, შესაძლებლობა ჰქონდა, გამხდარიყო „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გუნდის წევრი. დასაქმებულმა სპეციალისტებმა უკვე გაიარეს გადამზადების პროგრამა და დაიწყეს მუშაობა საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
დასაქმების პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო „ჯიპიაი ჰოლდინგი”-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევა და შერჩეული კანდიდატების „ჯიპიაი ჰოლდინგი”-სათვის გაგზავნა.
შერჩეულ კანდიდატთა შორის 110 პირი სწორედ საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული იყო. სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებაზე. ამ სერვისებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული სამუშაოს მაძიებლებისათვის და დამსაქმებლებისათვის საშუამავლო მომსახურების გაწევა.
დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს 54 119 სამუშაოს მაძიებელი ჰყავს დარეგისტრირებული მთელი საქართველოს მასშტაბით.
სახელმწიფოს მიზანია, ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობის განვითარებით ხელი შეუწყოს სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში. ჯიპიაი ჰოლდინგი კიდევ 50 კანდიდატის აყვანას გეგმავს.