კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნიკური სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმის ფარგლებში სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
დასაქმების ფორუმში, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების 400-მდე სტუდენტი და მაგისტრანტი, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მონაწილეობდნენ.
კრეათონზე 15-მა სამუშაო ჯგუფმა GWP-ის მენტორებთან ერთად წყალმომარაგების სფეროს ინოვაციურ იდეებზე იმუშავეს და პროექტები პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
ჟიურიმ, დღეს, სამი საუკეთესო ინოვაციური იდეის მქონე გუნდი გამოავლინა. საუკეთესო პროექტის ავტორმა გუნდებმა ადგილები ასეთი თანმიმდევრობით გადაინაწილეს: I ადგილი – “გამბუზია” (აგრარული უნივერსიტეტი); II ადგილი – “ნოვატორები” (თსუ, სტუ); III ადგილი – “FOGY” ( სანდიეგოს უნივერსიტეტი).
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტმენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, ოპერაციების დირექტორი მამუკა კიკალიშვილი, კომუნიკაციების დირექტორი ეკატერეინე ბერიძე, ფინანსური დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი. ასევე აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ელექტრო სისტემებისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგში აკაკი ფაღავა.
გამარჯვებულები კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან და სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. ასევე სტაჟირების პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ეხება, თვეში 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებენ.