ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების აუცილებლობაზე მიანიშნა.
რამდენად იყენებენ პრაქტიკაში ქართველი ექიმები ჯენერიკებს და ენდობიან თუ არა მათ, ამ თემაზე ექიმმა-თერაპევტმა ცისო სიხარულიძემ ისაუბრა:
„ჯენერიკებს ვიყენებ პრაქტიკაში და ვენდობი, რასაკვირველია. მათ მიმართ ნდობა პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა. როდესაც პრეპარატს, უმრავლეს შემთხვევაში, დადებითი შედეგი აქვს, მათ მიმართ ნდობა გიყალიბდება. რაც შეეხება მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყანას, ეს პროდუქტის ხარისხს არ განაპირობებს. მიდგომა, რომ ყველა ინდური მედიკამენტი უხარისხო და ცუდია, არასწორია.
მეც ხშირად ვიყენებ ინდური წარმოების პრეპარატებს და კმაყოფილი ვარ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მწარმოებელ ყვეყანას, მთავარია წამალი იყოს ხარისხიანი, მქონდეს გამოცდილი და ჰქონდეს დადებითი, ეფექტური შედეგი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ცისო სიხარულიძემ.