ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო ცენტრში დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი უკვე
ვაქცინირებულია.
როგორც კლინიკიდან jandacva.ge-ს აცნობეს, ვაქცინაციის მხარდაჭერისა და მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ევექსი ჰოსპიტლებმა ქსელში შემავალ სამედიცინო ცენტრებს შორის ერთგვარი გამოწვევა წამოიწყო, რომელიც „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსის მინიჭებას გულისხმობს იმ ცენტრისთვის, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80%-ია ვაქცინირებული.
კამპანიაში ჩართულ სამედიცინო ცენტრებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 80%-იანი ზღვარი უკვე გადალახეს ფოთის ჰოსპიტალმა და მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურმა ჰოსპიტალმა. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებს „მწვანე ჰოსპიტლის” სტატუსი უკვე მიენიჭა.
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ პირველი ინფიცირებული პაციენტი 2020 წლის ოქტომბერში მიიღო. 175 საწოლზე გაშლილი სამედიცინო დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მძლავრი და მრავალპროფილური პედიატრიული კოვიდ-ცენტრია, სადაც ქვეყნის მასშტაბით მძიმე პედიატრიული სეგმენტის რეფერირება ხორციელდება. ბავშვთა კლინიკამ გასული წლიდან დღემდე სულ 4 000-ზე მეტი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გაატარა.