ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. ცნობილია ისიც, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ დაეხმარება.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, პაციენტებთან ერთად, შეეხებათ მედიკოსებს, ექიმებს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს.
ამდენად, განსაკუთრებით საინტერესოა სწორედ მათი მოსაზრების გაცნობა დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე. Ipress.ge ბათუმის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ოჯახის ექიმს, პედიატრ ხათუნა მორჩილაძეს ესაუბრა.
მისი აზრით, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემაში, პირველად რგოლს აქვს ძალიან დიდი და აუცილებელი მნიშვნელობა, რამდენადაც დაავადების პრევენცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შემდეგი ჩარევები.
„პირველად ჯანდაცვაში პრობლემები არის, როგორც მედპერსონალის, ასევე პაციენტების კუთხით. პაციენტთა მხრიდან ექიმთან მიმართვიანობა არის ძალიან დაბალი. ანუ, სანამ დაავადება არ მივა გარკვეულ კრიტიკულ კონდიციამდე, მანამდე არ მიმართავენ ექიმს, ან მიდიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა წამლების გამოწერა, ანუ რეცეპტის მიღება სურთ.
პაციენტები, სამწუხაროდ, ექიმთან არ მიდიან იმისთვის, რომ მან გასინჯოს და მანვე დაუნიშნოს მკურნალობა შესაბამისი პრეპარატებით. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კულტურა და მიდგომა ჯანდაცვის მიმართ ბევრად ჩამორჩება სხვა ქვეყნებისას“, – აცხადებს ხათუნა მორჩილაძე.
მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მედ–პერსონალის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და ტენდენციაც უკეთესობისკენაა. თუ პირველადი რგოლის რეფორმა შედეგად მოიტანს, რომ მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა გაიზრდება და მოქალაქეები უფრო დაცულნი იქნებიან დაავადებებთან გამკლავებისას, ეს უკვე წარმატება იქნება. ამ ეტაპზე კი ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის“, – მიაჩნია ექიმს.
მორჩილაძე თვლის, რომ პირველად რგოლში რეფორმა ახლა არ დაწყებულა და სიახლეები ნელ-ნელა დაინერგება.
„ეს არის ევროპული და ამერიკული მოდელი, რომელიც საქართველოში კარგად მუშაობს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საკმაოდ იაფადაა შეფასებული ექიმის და პერსონალის შრომა. ეს სერიოზულ ხარვეზად მიმაჩნია, როცა ექიმს არანაირი მოტივაცია არა აქვს და მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობს.
ეს მომენტი არ არის გათვალისწინებული, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს. ანუ, ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც პაციენტის, ასევე ექიმის“, – აღნიშნა ხათუნა მორჩილაძემ.
აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა გულისხმობს პირველადი რგოლის მნიშვნელობის წამოწევას და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას. პირველადი ჯანდაცვის რგოლი არის პრევენციული მედიცინა, როცა პაციენტი საწყის ეტაპზევე იგებს დაავადების შესახებ, იწყებს მკურნალობას და იშვიათად გადადის ჰოსპიტალური საჭიროების სტადიაზე.