მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „ჩვენც ვიცით თვლა!“ – ჯანდაცვის მინისტრი ფასების ზრდის საკითხზე ფარმაცევტულ სექტორს პასუხობს

„ჩვენც ვიცით თვლა!“ – ჯანდაცვის მინისტრი ფასების ზრდის საკითხზე ფარმაცევტულ სექტორს პასუხობს

ფარმაცევტული ასოციაციის არგუმენტს იმის შესახებ, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ზრდა თურქეთში წამლების გაძვირებამ გამოიწვია, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს და ამბობს, რომ 36%-იანი გაძვირების შედეგად ქართულ ბაზარზე ზრდა მაქსიმუმ 5-10% უნდა ყოფილიყო, ჩვენ კი 300%-იანი გაძვირება მივიღეთ.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ნაწილზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების შეთანხმებული, არაკეთილსინდისიერი ქმედება უწოდა და მათ მიმართ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება დააანონსა.

„36%-იანი ფარმაცევტული კურსი, თურქეთში რაცაა, საბოლოო ჯამში ჩვენთან ლარში იყიდება და ეს სხვაობა, ჩვენთან იმდენად  მცირედით აისახება, შეიძლება 5, მაქსიმუმ  10% -ის ფარგლებში ყოფილიყო ცვლილება და ჩვენ მივიღეთ  300%-იანი ზრდა. არარელევანტური ახსნაა და ჩვენც ვიცით თვლა! შესაბამისად  ეს არგუმენტი მიუღებელია, როგორც სხვა არგუმენტები კანონთან დაკავშირებით და ა.შ.“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

„კლასიკური მაგალითია კარტელური გარიგების, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი-ორი დღის განმავლობაში, ერთიანად, მთელ ბაზარზე იზრდება მედიკამენტებზე ფასები და ჩვენი რეაგირების შემდეგ, ძალიან სწრაფად, ისევ მცირდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა იმ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც ფარმაცევტულ სექტორს ავალდებულებს მოქალაქეს არ შეუზღუდოს ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე.

„კანონის გარდა არის სხვადასხვა ელემენტები – სოციალური პასუხისმგებლობა, ეთიკური მარკეტინგი. გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი გვქონდა, რომ ბიზნესის მხრიდან არ იქნებოდა მსგავსი ტიპის შეთანხმებები. სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც იყო მყისიერი რეაგირება. როგორც ნახეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გაძვირდა ფასები, რეაგირების შემდეგ კი ასევე მკვეთრად შემცირდა“, – განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ზურაბ აზარაშვილმა, აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად, სამინისტრო რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე მუშაობს.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კონკურენციის სააგენტოს, რომელიც ჩვენგან შეტყობინების მიღების შემდეგ მყისიერად ჩაერთო, შეისწავლის ამ საკითხს და სამართლებრივ დასკვნას ის გამოიტანს. თუმცა მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, პარალელურად უკვე დავიწყეთ მუშაობა. წინა კვირაში, როდესაც მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, მაშინვე დავიწყეთ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. აღნიშნული ორშაბათს განიხილა და დაამტკიცა პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო ცვლილება რომელიც ეხებოდა განსაკუთრებული, სახელმწიფო მნიშვნელობის მედიკამენტებს – ასეთში შეიძლება მოიაზრებოდეს გარკვეული ონკოლოგიური მედიკამენტები, ასევე ის მედიკამენტები რომლებიც ერთი წლის წინ, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაიაფეთ თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვებით. ამ მედიკამენტებზე, სრული დელეგირება აქვს უწყებათაშორის საბჭოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …