მთავარი » ახალი ამბები » ჩინეთმა კორონავირუსი დაამარცხა, ქვეყანაში ეკონომიკის მკვეთრი ზრდა დაიწყო

ჩინეთმა კორონავირუსი დაამარცხა, ქვეყანაში ეკონომიკის მკვეთრი ზრდა დაიწყო

პირველ კვარტალში, ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის პროცესი მკვეთრად დაჩქარდა. ეს მოხდა პირველად, კორონავირუსის გავრცელების გამო შარშანდელი ღრმა ვარდნის შემდეგ. როგორც Reuters-ი წერს, ეკონომიკური გამოცოცხლების მიზეზი ქვეყნის შიგნით და გარეთ მოთხოვნის ზრდა და მცირე ფირმების სახელმწიფო დახმარებაა.

პარასკევს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი პირველ კვარტალში 18,3%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

„ეკონომიკამ უკვე გადააჭარბა კორონავირუსამდე არსებულ ტენდენციებს, სახელმწიფო მხარდაჭერა კი შეწყდა, შედეგად COVID-ის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის პროცესი დასტაბილურდა,“ – განაცხადა Capital Economics-ის ჩინეთის მიმართულების ეკონომისტმა ჯულიან ევანს-პრითჩარდმა.

ვირუსის გავრცელების შეკავების მკაცრი ზომებისა და საწარმოების დახმარების წყალობით, ეკონომიკა გამოვიდა მკვეთრი, 6,8%-იანი  ვარდნიდან, რომელიც 2020 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირდა.

ჩინეთის აღდგენა ექსპორტს უკავშირდება, რადგანაც ქარხნები ჩქარობდნენ უცხოური შეკვეთების შესრულებას. ეს ასევე არის მოხმარების სტაბილური ზრდის შედეგი, რადგან მომხმარებლები ბრუნდებიან რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებსა და ავტოსალონებში.

მარტში საცალო გაყიდვები წლიურ ჭრილში 34,2%-ით გაიზარდა და ანალიტიკოსების მოლოდინებს თითქმის 30%-ით გადააჭარბა.

მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს სიდიდის მეორე ეკონომიკა 2021 წელს 8,6%-ით გაიზრდება.

გასულ წელს ჩინეთის მშპ მხოლოდ 2,3%-ით გაიზარდა, რაც, ბოლო 44 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა ჩინეთი კვლავ რჩება ერთადერთ მსხვილ ეკონომიკად, რომელმაც პანდემიის პერიოდში ვარდნა თავიდან აიცილა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 7 დღეში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ 1, ხოლო ინფიცირების 20 შემთხვევა დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე

#1 ციფრული მარკეტინგის სააგენტო

2020 წლის პანდემიამ თითქმის ყველა ბიზნესის წარმომადგენელი დააზარალა. თუმცა, იყო ისეთი კომპანიებიც, რომელიც პანდემიამდეც ციფრულად …