„საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად რჩება“- განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კვლევა, წელს, მაისში დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ჩაატარა. კვლევა საქართველოს ყველა რეგიონში 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, შედეგად 7 000 ადამიანი გამოიკითხა და სისხლის გამოკვლევა მოხდა C და B ჰეპატიტზე. გამოკვლევა ჩატარდა როგორც ანტისხეულებზე, ისე ვირუსის აქტივობებზე, და იმაზე, თუ როგორი გენოტიპებია ქვეყანაში გავრცელებული.
ბოლო გამოკვლევებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა C ჰეპატიტის ვირუსზე მასობრივი სკრინინგი დაიწყო. ცენტრი ყველას მოუწოდებს, აუცილებლად ჩაიტარონ საყოველთაო გამოკვლევა, რადგანაც „ჩუმი მკვლელი ვირუსი“ წლების განმავლობაში ისე ვრცელდება, რომ ადამიანი მის შესახებ ვერაფერს იგებს.
სლოგანი: „ყველამ ვიცოდეთ ჩვენი სტატუსი“ აუცილებელია ყველა მოქალაქისთვის და ის უფასოა. პროცესურა (სისხლის ანალიზი თითიდან) უმტკივნეულოა და შედეგს 20 წუთში იძლევა.
რაც შეეხება გავრცელების მიზეზებს, შემდეგია: ნარკომანია; სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის სისუსტე; არაუსაფრთხო ინექციები; სილამაზის სალონები და სტომატოლოგიური კაბინეტები.
რეგიონების მიხედვით კი გავრცელების მაღალი მაჩვენებელია სამაგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში. შედარებით დაბალია მცხეთა – მთიანეთში.
„ სკრინინგის ახალი პროგრამა დავიწყეთ, რომელიც საქართველოს ყველა, 65 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მიზნად ისახავს, გამოვავლინოთ ეს დაავადება ადამიანებში, თუკი მათ ეს აქვთ. მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, იმის მიუხედავად, მას აქვს თუ არა C ჰეპატიტის არსებობაზე ეჭვი, ჩაიტარონ გამოკვლევა C ჰეპატიტზე.
ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მობრძანდეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ასათიანის ქუჩის 9 ნომერში და თითიდან სისხლის აღების ჩაიტაროს გამოკვლევა. 98%-ის სარწმუნოებით, ტესტი იძლევა პასუხს, არის თუ არა C ჰეპატიტი. პარალელურად, ვისაც სურს, ასევე უფასოდ ვთავაზობთ, შიდსზეც ტესტირება ჩაიტარონ. იქ, სადაც C ჰეპატიტზე დადებითი ტესტი იქნება, მათ ეძლევათ სამახსოვრო, თუ რომელ სამკურნალო ცენტრებს შეუძლიათ მიმართონ, რომ ღრმა გამოკვლევა ჩაიტარონ და ჩაერთონ უფასო მკურნალობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს წარმოადგენენ: ადამიანები, ვინც ნარკოტიკზე დამოკიდებულნი არიან, ან უხმარიათ საინექციო ნარკოტიკი, ადამიანები, ვინც ე.წ. სექსმუშაკები არიან, მამკაცები, ვისაც აქვს სექსი მამაკაცთან, ექიმები, განსაკუთრებით კი ქირურგები, მეან-გინეკოლოგები, ანესთეზიოლოგები, სისხლის დონორები, ეს დაავდადება ხშირია შიდსით ინფიცირებულებში და ტუბერკულიოზით დაავადებულ ავადმყოფებში…
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, ამ დაავადების აღმოფხვრა საქართველოში რეალურად მიღწევადია. რაც შეეხება მკურნალობის მეორე ფაზას, ის იანვრიდან დაიწყება. მისი თქმით, მეორე ეტაპიდან დაგეგმილია უკვე ყოველწლიურად 20 000 ადამიანის მკურნალობა.
„ჩვენი კვლევების საფუძველზე ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოზრდილი მოსახლეობის 7% ინფიცირებულია, აქედან 5,2 %-ს აქვს აქტიური ინფექცია, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. ეს დაახლოებით 160 000 ადამიანი იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.