მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში სიახლეა
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სიახლეა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში. 15აპრილს ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას პარტნიორებთან.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში სიახლეა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება, რომლის გასული წლის ზაფხულში დაიწყო  ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

რეფორმის დეტალებზე, 2015 წლის შესრულებული სამუშაოს და 2016 წლის სამომავლო გეგმების შესახებ მინისტრმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

სერგეენკოს განმარტებით, იდეალურ შემთხვევაში, პაციენტმა სამედიცინო საჭიროებებისთვის თავდაპირველად პირველადი ჯანდაცვის რგოლს (ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი) უნდა მიმართოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაავადების პრევენცია ვერ ხერხდება _ ჰოსპიტალურ მკურნალობას.

„ჩვენს შემთხვევაში, ეს პირუკუა და შეიძლება, 80 %-ზე მეტადაც პაციენტები უკვე გართულებული დაავადებით მიდიან ექიმთან. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რასაც ჰქვია პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება, რა მიმართულებებითაც პირველი ნაბიჯები გადადგმა, სამწუხაროდ, დაგვიგვიანდა და დავიწყეთ შარშან ზაფხულში, თუმცა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, _ განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და სამედიცინო მოვლის ხარისხის კონტროლის ელემენტების დანერგვა. 

დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგრადობის უზრუნველყოფისთვის რამდენიმე რეფორმის განხორციელება იგეგმება.

„პირველი – ეს არის ხარისხის კონტროლის სისტემის პირველი ნაბიჯის დანერგვა და პერსპექტივაში სრულყოფა. ხარისხის იდეალური უზრუნველყოფის შემთხვევაში შეიძლება დაიზოგოს მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯების 30%. ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ პირველივე თვეებში მივაღწევთ ამას, თუმცა ხარისხის ტოტალური მენეჯმენტი არის პირველი გზა იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს ხარისხიანი მოვლა, სამედიცინო დაწესებულებას დაეზოგოს თანხა და სახელმწიფომ შეძლოს თანხების უფრო მეტად რაციონალური გამოყენება“, _ განაცხადა დავით სერგეენკომ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პროექტზეც. მისი ინფორმაციით, ეს მოდელი უახლოეს მომავალში თვალშისაცემ შედეგებს მოგვცემს. 

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სიახლეა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში.

„15აპრილს ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორებთან, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე, შემოსულია ახალი თაობის მედიკამენტი და მას უკვე იღებენ პაციენტები. ჩვენ მივაღწიეთ, რომ წელიწადში 20 ათასი პაციენტის მკურნალობის შეზღუდვა მოიხსნა და ავიდა მინიმუმ 30 ათას პაციენტზე. პერსპექტივაშია ის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ საქმით დავამტკიცოთ, რომ საერთოდ მოიხსნას ზედა ბარიერი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, ვირუსის აღმოფხვრისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი ცენტრი შეიქმნება.

gurianews.com

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …