C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მომსახურების ცენტრი ფალიაშვილის N110-ში დღეს გაიხსნა. ბენეფიციარებს განაცხადის შეტანა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება უკვე ახალ მისამართზე შეუძლიათ.
მომსახურების ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ვალერი კვარაცხელიამ და ზაზა სოფრომაძემ გახსნეს.
C ჰეპატიტის სერვის-ცენტრი ყოველთვიურად დაახლოებით 2500-3000 ბენეფიციარს მოემსახურება. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მისაღებად, პაციენტებისათვის სავალდებულო იქნება დარეგისტრირება (რიგის ნომრის აღებით), სერვისების შესაბამისად, დამოუკიდებლად ფუნქციონირებს სკრინიგის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის რიგები.
მომსახურების ცენტრს ექნება სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სერვის-პროვაიდერების ტექნიკური რესურსის შესახებ და პაციენტის სურვილის და კლინიკების რესურსების გათვალისწინებით განახორციელებს პაციენტების გადამისამართებას, რაც დაზოგავს პაციენტის/კლინიკის დროს და გაამარტივებს როგორც პაციენტებისათვის, ასევე, კლინიკებისათვის სერვისის მიღების პროცესს.
ამავე ცენტრში შესაძლებელა სკრინინგული კვლევების ჩატარება. იფუნქციონირებს სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელიც C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რიგებისა და კომისიის გადაწყვეტილებების ჩათვლით, მიაწოდებს პაციენტებს.