მთავრობის ანგარიშის თანახმად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე (2015 წლის 28 აპრილიდან აგვისტოს ბოლო) 3024 პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს.
ანგარიში, რომელშიც ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებაა საუბარი, პარლამენტში გუშინ შევიდა.
„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.
2015 წლის აპრილიდან C ჰეპატიტის მქონე პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან მკურნალობის წინა სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო კვლევებით და C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი მედიკამენტებით (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი).
მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სერვის ცენტრებში უკვე რეგისტრირებულია 8005 პაციენტი, მკურნალობას გადის 3040 პაციენტი. წლის ბოლომდე ნავარაუდევია სულ 5000 პაციენტის მკურნალობა.
მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც დასრულდება 2015 წლის ბოლოს.
აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტები ხელმიუწვდომელი იყო მოსახლეობისთვის. 2013 წელს მედიკამენტ ინტერფერონზე გავრცელდა აქცია და ის 60%-იანი ფასდაკლებით მიეწოდებოდათ პაციენტებს.
2015 წლის 20 აპრილიდან კი პირველ ეტაპზე ღვიძლის დაზიანების მაღალი ხარისხის მქონე პაციენტებისთვის და შემდგომ C ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მედიკამენტები სრულიად უფასო გახდა, როგორც ახლი თაობის პრეპარატები, ისე რიბავირინი და ინტერფერონი მაშინ, როცა მსოფლიოს ძირითად ქვეყნებში სოფოსბუვირის სამკურანლო კურსის საშუალო ღირებულება შედგენს 84 000 დოლარს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე (2015 წლის 28 აპრილიდან აგვისტოს ბოლო) 3024 პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს. მონიტორინგის პირველადი მონაცემებით, პაციენტთა 80 %-მა ჩ ჰეპატიტის ვირუსი დაამარცხა. უფრო კონკრეტულად, პირველი ეტაპის 21 პაციენტისთვის სამთვიანი კურსის გასვლის შემდგომ C ჰეპატიტის ვირუსი სრულიად გაუქრა 19 პაციენტს“, – აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.