მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მრჩეველთა ჯგუფმა შეაფასა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მრჩეველთა ჯგუფმა შეაფასა. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მრჩეველთა ჯგუფმა შეაფასა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მრჩეველთა ჯგუფმა შეაფასა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დღეს, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.  

საერთაშორისო პარტნიორები ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის დანერგვის, მონიტორინგის, პრევენციისა და კონტროლის კუთხით გაუწევენ კონსულტაციას.

სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ემორის, ჰოპკინსის უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და სხვა  საერთაშორისო პარტნიორები.

კონფერენციაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მათ C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობა განიხილეს და ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგები და მიღწევები შეაფასეს. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრის მიზანსა და მნიშვნელობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ასევე, საზოგადოების ინფორმირების გაზრდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტი 130-150 მილიონ ადამიანს აღენიშნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კრიტერიუმებით საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება.

ინფიცირებულთა რიცხვი მომატებული რისკის მქონე პოპულაციებში განსაკუთრებით მაღალია.
“პროგრამა საქართველოში უკვე 6 თვეა ხორციელდება და მის ფარგლებში 5 ათასზე მეტი ადამიანი მკურნალობს. დღევანდელ შეხვედრაზე პროგრამის მეორე ეტაპის დაწყება დაანონსდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ იგი დეკემბრიდან დაიწყება და წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ათასი ადამიანის მკურნალობა მოხდება”, _ განაცხადეს სამინისტროში.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, 2015 წლის აპრილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წამოიწყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. პროგრამის საწყისი ფაზა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის სერვისებსა და უფასო მკურნალობაზე წვდომის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
“მკურნალობა ხორციელდება, უწყვეტად უახლესი გენერაციის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატით (სოფოსბუვირი), რომლითაც მკურნალობა უკვე დაიწყო 4 ათასზე მეტმა ადამიანმა.

ამჟამად მუშავდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმა (2016-2020), რომელიც ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სპეციფიკურ ამოცანებსა და აქტივობებს მოიცავს”, _ აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, შეხვედრის მთავარი ამოცანაა კვლევის შედეგების წარმოჩენა, რომელზეც დაყრდნობითაც განისაზღვრება ახალი, უფრო მასშტაბური ელიმინაციის პროექტის დაწყების აუცილებლობა.
“საქართველომ 6 თვეში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია. ეს რეალურად ისტორიული მოვლენაა. ჩვენ ვცდილობთ ამ მეტად საშიში დაავადების ელიმინაციის პროგრამის განხორცილებას.

ამჟამად, იმყოფება ექპერტთა ჯგუფი, რომელიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან კონსულტაციებს გაუწევს საქართველოს მთავრობას პროგრამის შემდეგი განხორციელებისთვის”, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონ ვორდიმ.

სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა პირველ დღეს C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა, ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგები, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში არსებული გამოწვევები განიხილა.

ჯგუფი ჩატარებულ სამუშაოებს შეაფასებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობა კვალიფიციურ გამოცდილებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.
 

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ის ელჩი იან კელი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონ ვარდი, ჰოპკინსის უნივერსიტეტის წარმომადგენელი კენ ნელსონი და საქართველოს დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ამასთან, კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ აშშ საელჩოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის; ემორისა და ჰოპკინსის უნივერსიტეტების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონფერეცია ხვალ, 4 ნოემბერს, 09:00 საათიდან, განახლდება. ხვალ საქართველოში ასევე ელოდებიან C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტსაც.

კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. შეხვედრის ბოლოს კი, 5 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი ჯანმო-ს პოლიტიკის, HCV სკრინინგის, მკურნალობისა და მზრუნველობის გაიდლაინის, ვირუსული ჰეპატიტის კუთხით, გლობალური ჯანმრთელობის სექტორის სტრატეგიის გასაცნობად ტექნიკურ კონსულტაციას გამართავს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …