მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დიდ და სერიოზულ პრობლემას გადაჭრის
პროგრამა გულისხმობს ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის უფასო მკურნალობას და ნაწილობრივ დაფინანსებულ გამოკვლევებს პოტენციური დაავადებულებისათვის.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დიდ და სერიოზულ პრობლემას გადაჭრის

2015 წლის აპრილიდან საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამა გულისხმობს ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის უფასო მკურნალობას და ნაწილობრივ დაფინანსებულ გამოკვლევებს პოტენციური დაავადებულებისათვის. 

საქართველოს პარლამენტისა და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას გამოეხმაურა.

„ნებისმიერი პროექტი, რომელიც ამართლებს, შეიძლება ჩაითვალოს დადებითად და წარმატებულად. ბევრი კარგი მეთქმის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. მინდა, პროექტის ავტორებსაც და მასში ჩართულ პაციენტებს წარმატება ვუსურვო და გამოჯანმრთელება, რაც მთავარია.

C ჰეპატიტის ვირუსი ჩვენ თაობას მემკვიდრეობით ერგო. უამრავი ადამიანია ამ ვირუსით დაავადებული და თუ ეს პროექტი ამ დიდ და სერიოზულ პრობლემას გადაჭრის და მოაგვარებს, ეს იქნება ძალიან კარგი. ეს ადამიანები აქამდე ბედის ანაბარად იყვნენ მიტოვებულნი“, – მიიჩნევს გიორგი ცაგარეიშვილი.

მისივე თქმით, ამ პროგრამის დაფინანსება არ შემცირებულა ბიუჯეტის სეკვესტრის მიუხედავად და არც ემუქრება შემცირება.

„საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტი და იქ საკმაოდ მკაცრად  არის გაწერილი ამ მიმართულებით გამოსაყოფი თანხების ოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი მოხდა 160 მილიონი ლარით, ამ პროგრამას თანხები არ დაკლებია, რადგან ეს არის საშველი უამრავი ადამიანისათვის. კიდევ ერთხელ, მადლობა ამ პროექტის განმხორციელებლებს და დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ჰეპატიტის ვირუსით საქართველოში 200 000 ადამიანამდეა დაინფიცირებული, ანუ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 6,7%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …