თბილისი (BPI) – 28 ივლისს ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. სადღეისოდ საქართველოში 200 000-მდე დაინფიცირებული ადამიანია.
ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორისა“ და პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენელს კოკა ლაბარტყავას.
„ჩვენმა ორგანიზაციამ პირველი აქცია ჰეპატიტთან დაკავშირებით 2011 წლის 1 მარტს გამართა. მაშინ ამ თემაზე არავინ საუბრობდა. 28 ივლისი ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა და ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ამას ეროვნული, ნაციონალური კამპანიით.
დროთა განმავლობაში ამ საკითხით დაინტერესება გაიზარდა სამოქალაქო სექტორში და სახელმწიფოს მხრიდანაც. მოგეხსენებათ, ჰეპატიტის მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდებოდა და ინფიცირებულ პაციენტთა დიდ ნაწილს არ ჰქონდა მკურნალობის საშუალება.
არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის აქტიურობის და სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესების შემდეგ, შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაწყებულიყო.
დაიწყო მოლაპარაკებები ფარმაცევტულ კომპანიასთან და შესაძლებელი გახდა ელიმინაციის პროგრამით ესარგებლათ პაციენტებს სრულიად უფასოდ. საქართველოში დაახლოებით 200 000-მდე დაავადებულია. ეს დიდი მაჩვენებელია, საკმაოდ მაღალი პრევალენტობის მქონე ქვეყანა ვართ.
ამ პროგრამაში ჯერ ინფექციის რთული ფორმების მატარებელი პაციენტები ჩაერთვებიან და შემდეგ ყველაზე გავრცელდება“, – აცხადებს ლაბარტყავა.
მისი აზრით, პროგრამის დადებითი მხარე იმაშიცაა, რომ იგი არ გულისხმობს მხოლოდ დაავადებულთა მკურნალობას, არამედ იგეგმება პრევენციული ღონისძიებებიც. „პროგრამის წარმატებით განხორციელების შედეგი იქნება, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი შემცირდება და დაავადების გავრცელება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე პაციენტთა დიდი ნაკადი იყო, ამიტომ რიგები შეიქმნა. რაც შეეხება პრობლემებს, დიაგნოსტიკის ეტაპზე სახელმწიფო ფარავს გამოკვლევების ხარჯის 30%-ს, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის – 70%-ს.
თბილისის მერია აფინანსებს თბილისის მაცხოვრებელთათვის დამატებით თანხის 60%. რაც შეეხება რეგიონებს, სადაც უფრო მეტად მძიმე სოციალური ფონია, იქ მხოლოდ 30% უფინანსდება პაციენტს. პრინციპში, წარმოუდგენელიც იყო ასეთი მასშტაბური პროგრამა პრობლემების გარეშე განხორციელებულიყო. თუმცა ისეთი სახის პრობლემები, რომლებიც შეაფერხებდნენ პროგრამის წარმატებულად განხორციელებას, არ შექმნილა“, – მიიჩნევს კოკა ლაბარტყავა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილიდან მიმდინარეობს.