საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ხვალ C ჰეპატიტის ელიმინაციის მესამე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრა უკვე მესამე წელია ტრადიციულად იმართება გაზაფხულზე და მის ფარგლებში განიხილება C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის მნიშვნელოვანი საკითხები. 2014 წელს ამ შეხვედრაზე პირველად მოხდა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის შესაძლებლობის განხილვა. 2015 წლის სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ელიმინაციის პროგრამის გადაუდებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავება.
მათივე ინფორმაციით, წლევანდელი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა: C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგები; ელიმინაციის პირველი ფაზის შედეგები; ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგია (2016-2020).
შეხვედრას გახსნიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი.
სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან ადგილობრივი ექსპერტები სამთავრობო სექტორიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების, კომპანია გილეადის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლები.
შეხვედრა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ფარმაცევტული კომპანია გილეადის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის მხარდაჭერით გაიმართება.