ნ. ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი კოტე ყიფიანი jandacva.ge-სთან აცხადებს, რომ კლინიკაში დასაქმებულებს კოვიდვაქცინაცია ოფიციალურად მოეთხოვებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პაციენტებთან ვერ იმუშავებენ, ანუ შეიძლება კლინიკის ადმინისტრაციამ ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვას.
მისი ინფორმაციით, ამჟამად, სრულად ვაქცინირებულია კლინიკის თანამშრომლების დაახლოებით 90%.
„ობიექტური მიზეზების გამო ყველა არ არის ვაქცინირებული. ანტივაქსერებს არ უწოდებენ თავს, რადგან მედიცინის მუშაკები არიან. თუმცა, აქვთ ვაქცინაციაზე უარის თქმის სხვადასხვა მიზეზი.
დაახლოებით 1 თვის წინ გამოვეცით შიდა ბრძანება, რომ ამ ხნის განმავლობაში იმ თანამშრომლებს, ვინც არ იქნებოდა აცრილი, პაციენტებს მოვარიდებდით. ეს გავაკეთეთ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მთავარი მიზანია პაციენტების უსაფრთხოება,“-აცხადებს ყიფიანი.