1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, განათლების, იუსტიციისა და სპორტის სამინისტროებთან ერთად ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიშს წარადგინა.
სამინისტროების წარმომადგენლებმა იმ რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელებიც ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით გატარდა.
ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა.
პრეზენტაციებს წარადგინეს: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
ნინო ბერძულმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. პერინატალური რეგიონალიზაცია და ბავშვთა კვება ის მთავარი თემებია, რომლებზეც მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა. 13 000-მდე 6-დან 23 თვემდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვი უფასოდ მიიღებს 15 კომპონენტიან ვიტამინებისა და მინერალების კვებით დანამატს.
საუბარი შეეხო ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმასაც, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციას, ოჯახის გაძლიერებასა და ბავშვთა ძირითადი პრინციპების დაცვას გულისხმობს.
ანგარიშში მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასაცავად განხორცილებეულ რეფორმებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზეც გამახვილდა ყურადღება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კიდევ ერთი სიახლე – პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარის მობილური (IOS, Android) აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მშობლები მიიღებენ ინფორმაციას:
• ქვეყანაში მოქმედი აცრების ეროვნული კალენდრის და ვაქცინების შესახებ;
• ვაქცინების უკუჩვენებების და ცრუ უკუჩვენების შესახებ;
• ვაქცინაციის სარგებლის და ვაქცინით მართვადი დაავადებების შესახებ.