საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
მსოფლიოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის საფუძველზე საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა აზიის, ლათინო-ამერიკის, კარიბის ზღვის რეგიონის და აფრიკის ქვეყნებთან შედარებით, სადაც საქართველოს ბავშვთა შრომის კუთხით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარცხელია დაესწრო. მინისტრის მოადილემ ბავშვთა შრომის მდგომარეობის, მასშტაბების, მიზეზების და შედეგების შესახებ მოკლედ ისაუბრა.
კვლევამ მოიცვა დაახლოებით 7700 შინამეურნეობა, რომელშიც ცხოვრობს 5-17 წლის ასაკის ბავშვი. ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%. ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების რაოდენობა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება გოგონების შესაბამის რაოდენობას.
მთლიანობაში, ეკონომიკურ საქმიანობაში (ე.ი. როგორც ბავშვთა შრომაში, აგრეთვე გაერო-ს კონვენციებით და ეროვნული კანომდებლობით დაშვებულ საქმიანობაში) ჩართულია 5-17 წლის ბავშვთა 5.8%. ქალაქის ტიპის დასახლებებლში 1.6%, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული ბავშვთა 11.4% ცხოვრობს.
აღნიშნული კვლევა ემყარება გაერთიანებული ერების კონვენციას ბავშვთა უფლებების შესახებ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტურ კონვენციებს ბავშვთა შრომის აკრძალვისა და აღმოფხვრის შესახებ.
ბავშვთა შრომა შეიცავს 5-17 წლის ასაკის ბავშვების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობებს, რომელიც არ არის დაშვებული გაერო-ს ზემოაღნიშნული კონვენციების და ეროვნული კანონმდებლობის მიერ.
ბავშვთა შრომის განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენს ბავშვის ასაკი, შესრულებული სამუშაოს ხასიათი, სამუშაო საათების ხანგრძლივობა და პირობები, რომელშიც სამუშაო სრულდება.