საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ბარიატრიული ოპერაციების გათიშვის მიუხედავად, კლინიკებში აღნიშნულ ქირურგიულ ჩარევაზე მოთხოვნა მზარდია.
ბარიატრიულ ოპერაციებს ანუ ისეთ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც პაციენტებს ჭარბი წონის დროს ენიშნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2019 წლიდან აღარ აფინანსებს.
მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ოპერაციები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად კეთდებოდა იმ დროს, როდესაც, მსოფლიო სტანდარტით, მსგავსი ქირურგიული ჩარევები დაშვებულია მხოლოდ მძიმე სიმსუქნის შემთხვევაში, როდესაც ოპერაციის სარგებლიანობა აღემატება რისკს.
„გადაწყვეტილება ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების შესახებ მიღებულ უნდა იყოს არა ერთი ექიმის, არამედ ექიმთა გუნდის მიერ, საქართველოში კი ასეთი ქირურგიული ჩარევები ჭარბად, ხშირ შემთხვევაში პირველი-მეორე ხარისხის სიმსუქნის შემთხვევებში კეთდებოდა, რაც კოსმეტიკურ და ესთეტიკურ მიზნებს ემსახურებოდა,“ – განაცხადა მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსებაზე 2018 წელს სახელმწიფომ ხუთ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, რაც გაუმართლებელი ხარჯია. ამასთან, მისივე განმარტებით, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ასეთი ოპერაციების დაფინანსებაზე რეფერალური პროგრამის საშუალებით. ეს კი იმ შემთხვევებს ეხება, როცა ასეთი სახის ჩარევა სამედიცინო ჩვენებებითაა განპირობებული.
ბარიატრიული ქირურგი, ჯაბა ბაბაევი განმარტავს, რომ ბარიატრიულ ქირურგიას გარკვეული სამედიცინო ჩვენებები აქვს და ესაა სხეულის მასის ინდექსი, რაც, 35-იანი ნიშნულის გადაჭარბების შემთხვევაში მომატებულ მაჩვენებლად ითვლება. ხოლო გარკვეული დაავადების, მათ შორის პირველ რიგში შაქრიანი დიაბეტის და გულსისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში, ასეთი ოპერაცია შესაძლოა 35-მდე ან ამ ნიშნულის მცირე გადაჭარბების შემთხვევაშიც დაინიშნოს.
ჯაბა ბაბაევი ჭარბი წონის შემთხვევების სიხშირეს ცხოვრების არასწორი წესითა და არაჯანსაღი საკვების მიღებით, ასევე გენეტიკური ფაქტორებით ხსნის. მისი თქმით, თუ მშობელს ჭარბი წონა აქვს, მისი შვილი იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩენის მომატებული რისკის ქვეშაა.
აღნიშნული ოპერაციები 18 წლის ასაკიდან კეთდება.