შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში უფასო სამედიცინო გასინჯვებისა და C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია გაიმართა.
პროცესის მიმდინარეობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეცნო.
აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში პროფილაქტიკური შემოწმება ცერონისის, ავლევის, თამარაშენისა და კნოლევის მცხოვრებლებს უტარდებოდათ.
ადგილობრივებს სამედიცინო კონსულტაცია „ავერსის კლინიკის“ 10-მდე სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმმა გაუწია. პაციენტებს დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. პარალელურ რეჟიმში, C ჰეპატიტზე სკრინინგი მიმდინარეობდა. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო. სკრინინგში 100-მდე ადგილოვბრივი ჩაერთო.
სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვების აქცია პერმანენტულად, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ”განიკურნე!“ – ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში კი, C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელთა გამოსავლენად, საყოველთაო სკრინინგი მიმდინარეობს.