ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული.
„ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა.
ფურცელაძის თქმით, მიმდინარე, სამმხრივი ხელშეკრულება ინფექციური კლინიკის მიერ ამ ტერიტორიის იჯარით სარგებლობის შესახებ 2021 წლის 31დეკემბრის ჩათვლითაა დადებული და კომპანია აპირებს, იანვრიდან საკუთრების უფლებით ისარგებლოს. კითხვაზე, როგორ აპირებს „ავერსი ფარმა“ ტერიტორიით სარგებლობას იმ დროს, როცა იქ კლინიკა ფუნქციონირებს, ირაკლი ფურცელაძე ამბობს, რომ ამას პროტესტის გამოხატვისა და პოზიციის დაფიქსირების გზით გააკეთებენ.
“ინფექციური კლინიკის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ იმ პირობებს, რომლებშიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, აწყობდნენ საპროტესტო აქციებს. მას შემდეგ, რაც ახალი შენობა იქნა შეძენილი, გაჩნდა იმედი, რომ ამ პრობლემის მოგვარების ნება არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ მას შემდეგ ახალი შენობის კარიც კი არავის შეუღია. ბოლო ინფორმაცია, რაც მოგვაწოდეს, ისაა, რომ 29 ნოემბერს ახალი შენობის რემონტზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. თუმცა იმ პირობებში, როდესაც პანდემია მძვინვარებს და, როგორც იურისტები ამბობენ, შესაძლებელია, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამუშაოების დაჩქარებულ რეჟიმში, პირდაპირი შესყიდვის გზით შეძენა, გაუგებარია, რატომ არ ითხოვს ამას კლინიკა? ახალ შენობაში ხომ უკეთესი ტექნოლოგიების დანერგვის და მეტი პაციენტის მკურნალობისა და გადარჩენის შესაძლებლობა იქნებოდა? სხვა პერიოდებისგან განსხვავებით, კლინიკის წარმომადგენლები ამაზე პროტესტს არ გამოთქვამენ და მშვიდად არიან, რაც ძალიან გაუგებარი და ალოგიკურია,“ – განუცხადა ფურცელაძემ jandacva.ge-ს.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა იჯარის ხელშეკრულება კიდევ გახანგრძლივდეს, ის ამბობს, რომ, ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოები რომ იყოს დაწყებული და მათი დასრულება ვერ ესწრებოდეს, კომპანია გაითვალისწინებდა ამ მდგომარეობას და დათანხმდებოდა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის ვადების გადაწევას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც რემონტი არც კი დაწყებულა, ახალი ხელშეკრულების დადებაში კომპანია აზრს ვერ ხედავს.
მისივე თქმით, „ავერსის“ მიზანი არ არის სასამართლოში დავა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროცესის დასრულებას წლები დასჭირდება. ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, ეს ტერიტორია „ავერსის“ საკუთრებაა, საკუთრების უფლება კი ქვეყანაში კონსტიტუციითაა დაცული, ამიტომ, მისი თქმით, კომპანია აპირებს, იანვრიდან შევიდეს საკუთარ ტერიტორიაზე და დაიწყოს სხვადასხვა სამედიცინო სერვისის განვითარება, რასაც წლებია, გეგმავს, თუმცა იმის გამო, რომ ტერიტორიაზე ინფექციური კლინიკაა განთავსებული, ამას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო დაწესებულება საკუთარი შენობა-ნაგებობების გარეშე 2009 წელს დარჩა. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია – თითქმის 6 ჰექტარი მიწა მასზე დამაგრებული 11 შენობა ნაგებობით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა. ტერიტორია 12 მილიონად გაიყიდა და ის აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ „ავერსი ფარმამ“ იყიდა. ამის შემდეგ გაიცა პირობა, რომ კლინიკას ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მანამდე კი ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია შენობებში დროებით, იჯარის ხელშეკრულებით დარჩებოდა.
თუმცა პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.
გასულ წელს მთავრობამ ინფექციური კლინიკისთვის ახალი შენობა იყიდა, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც 40 მილიონი ლარის ღირებულებისაა. რემონტი მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა პერსონალს მუშაობის სათანადო პირობები ჰქონდეს.