არიან ევროპული კომპანიები, რომლებმაც დრო მოითხოვეს ფასების გადასახედად. ამის შესახებ „ავერსი ფარმას“ მომარაგების დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ რეფერენტული ფასების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„სახელმწიფოს და დისტრიბუტორების გარდა ფარმაცევტულ ბაზარზე უმთავრესი როლი ენიჭება მწარმოებლებს და მომწოდებლებს. რამდენიმე თვეა, მომწოდებლებთან კომუნიკაცია გვაქვს, ისინი ინფორმირებულები არიან სახელმწიფოში მიმდინარე და გასატარებელი რეფორმების შესახებ და ბევრი კომპანია წამოვიდა იმაზე, რომ მოსაწოდებელი ფასები დააკორექტიროს. ზუსტად ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შესაბამისად, ჩვენც მოვახდინოთ ფასების კორექცია. ზოგიერთი მედიკამენტი ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული და თავად ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითაც ხდება მათზე აპელაციების განხილვა.
არიან ევროპული კომპანიები, რომლებმაც დრო მოითხოვეს ფასების გადასახედად. მოხდება როგორც სამინისტროს, ისევე ამ კომპანიების მხრიდანაც კომპრომისების შეჯერება და მოკლე პერიოდში ჩვენ გვეცოდინება დამატებით 400-მდე მედიკამენტზე ახალი რეფერენტული ფასები,“ – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, რეფერენტული ფასების შემოღება მომხმარებლისთვის ნამდვილად იქნება შეღავათის მიმცემი, რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების პოზიციების რაოდენობა კი ეტაპობრივად, წლის ბოლომდე გაიზრდება.
„როგორც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გამოცხადებული, წლის ბოლომდე მთელი ფარმაცევტული პროდუქციის ფასები დარეგულირებული იქნება,“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში 15 თებევრლიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება აღარ აქვთ.
პირველ ეტაპზე რეფორმა ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს შეეხო.