მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „ავერსი ფარმა“ ინფექციური კლინიკის დაცლას წლის ბოლომდე ელოდება – როგორია კომპანიის საინვესტიციო გეგმები

„ავერსი ფარმა“ ინფექციური კლინიკის დაცლას წლის ბოლომდე ელოდება – როგორია კომპანიის საინვესტიციო გეგმები

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში ფუნქციონირებას 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს სამედიცინო ჰოლდინგმა გაავრცელა.

„2023 წლის გაზაფხულზე თბილისში იხსნება ახალი ინფექციური საავადმყოფო, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და აღიჭურვება უმაღლესი ხარისხის  სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ინფექციური კლინიკა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად უზრუნველყოფს ინფექციური დაავადებების მართვას, მოზრდილთა და ბავშვთა მიმართულებით,“ – ნათქვამია ჰოლდინგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით jandacva.ge-მ კომენტარი „ავერსი ფარმას“ დირექტორ ირაკლი ფურცელაძეს სთხოვა. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ავერსი ფარმაა“ იმ ტერიტორიისა და შენობების მფლობელი, სადაც ინფექციური კლინიკა ამ დრომდე ფუნქციონირებს.

არჩილ ფურცელაძის განცხადებით, კომპანიასთან, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში სარემონტო, დიზაინერულ და ტექნოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება 2023 წლის მარტამდე აქვს დადებული. თუმცა, მისივე განმარტებით, „ავერსი ფარმას“ მოლოდინია, რომ პერსონალი ძველ შენობებს უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე დაცლის – სწორედ წლის ბოლომდეა დადებული საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც სახელმწიფო აღნიშნული ტერიტორიის მფლობელ კომპანიას იჯარის თანხას უხდის.

„მართალია, კომპანიამ, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, სამუშაოები 2023 წლის მარტისთვის უნდა დაასრულოს, თუმცა ამ ვადამდე, ეტაპობრივად, შენობის გარკვეული  ნაწილები ჩაბარდება და პერსონალს ექნება გადასვლის შესაძლებლობა. მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი გართულების გარეშე წარიმართება. გასულ წლებში ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს წასასვლელი არსად ჰქონდათ და ამიტომ აცხადებდნენ უარს ტერიტორიის დაცლაზე, ჩვენ კი საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას სრულიად კანონიერად ვითხოვდით, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვებოდა ხოლმე. მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა – არსებობს ახალი შენობა, სადაც ისინი უნდა გადავიდნენ. ამიტომ იმედი მაქვს, ამჯერად პროცესი უმტკივნეულოდ დასრულდება,“ – განუცხადა არჩილ ფურცელაძემ jandacva.ge-ს.

რაც შეეხება „ავერსი ფარმას“ გეგმებს აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელი მათზე დეტალურად არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ გეგმავენ ამბულატორიის განვითარებას და ამბულატორიული სერვისების ერთ შენობაში თავმოყრას. ფურცელაძის განცხადებით, დასახელებულ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან ერთის დანგრევას გეგმავენ, რადგან ნაგებობა ამირტიზებულია, დანარჩენების შემთხვევაში კი მათი რეაბილიტაცია განიხილება.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო დაწესებულება საკუთარი შენობა-ნაგებობების გარეშე 2009 წელს დარჩა. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია –  თითქმის 6 ჰექტარი მიწა მასზე დამაგრებული 11 შენობა ნაგებობით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა. ტერიტორია 12 მილიონად გაიყიდა და ის აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ „ავერსი ფარმამ“ იყიდა. ამის შემდეგ გაიცა პირობა, რომ კლინიკას  ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მანამდე კი ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია შენობებში დროებით, იჯარის ხელშეკრულებით დარჩებოდა.

ინფექციური კლინიკის სიახლოვეს, „ავერსი ფარმას“ კუთვნილ დანარჩენ ტერიტორიაზე „ავერსმა“ 2009 წლიდან სამედიცინო ბიზნესის განვითარება დაიწყო – მის საკუთრებაშია ამ ტერიტორიაზე განთავსებული „ბოჭორიშვილის კლინიკა“ და კლინიკა „მედალფა.“

2020 წელს კი მთავრობამ ინფექციური კლინიკისთვის ახალი შენობა იყიდა, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც 40 მილიონი ლარის ღირებულებისაა. სწორედ ამ შენობაში თბილისის ინფექციური კლინიკის გადასვლის შემდეგ გეგმავს „ავერსი ფარმა“, ყაზბეგის გამზირზე არსებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვის სფეროში ახალი ინვესტიციები განახორციელოს.

 

1 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები პირადად დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.

მინისტრის თქმით, კლინიკა 82 საწოლზე იქნება გათვლილი და შენობაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა. ადგილზევე მოეწყობა ბავშვთა ინფექციური განყოფილება, რის შედეგადაც, ნებისმიერ პაციენტს შეეძლება თანამედროვე სტანდარტების მომსახურების მიღება.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …