სამედიცინო დახმარების ხარისხის პრობლემის ძირითადი მიზეზი მედიკოსთა უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის არასავალდებულო ხასიათია.
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის მართვის პროცესში სახლემწიფო ცდილობს კლინიკებს დაუკორექტიროს ხარჯები, აისახება თუ არა ეს მომსახურების ხარისხზე? ამ და სამედიცინო მომსახურების ხარისხის სხვა მნიშნელოვან დეტალებთან დაკავშირებით jandacva.ge სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელ მდივანს არჩილ მორჩილაძეს ესაუბრა.
ბუნებრივია, კლინიკები ყოველთვის შეეცდებიან მიიღონ მეტი. ამიტომ საჭიროა მკაცრი და რაც მთავარია, კვალიფიციური კლინიკური მონიტორინგი, რომლის დროსაც კლინიკებს დასაბუთებულად და სამართლიანად დაუკორექტირებენ ხარჯებს. ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ, როდესაც კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის არსებულ დავებს განვიხილავდით. ჩვენს გაერთიანებაში დღეს უკვე სახელმწიფოსა და კლინიკებს შორის დავის შემთხვევები განიხილება.
საქმე ის გახლავთ, რომ სამედიცინო სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ძვირადღირებული. ამიტომ ხარჯები შეიძლება გაიზარდოს არა მხოლოდ სამედიცინო ნოზოლოგიების კოდებით მანიპულაციებით, არამედ, იმის გამოც, რომ ინერგება ისეთი ახალი სერვისები, რისი ანაზღაურებაც მოუწევს სახელმწიფოს.
სახელმწიფო არ უნდა შეეცადოს კლინიკებისთვის თანხის მექანიკური დაკორექტირებით შეაჩეროს ხარჯების ზრდა. ეს აიძულებს კლინიკებს, რომ ფასები გაზარდონ და თანაგადახდის კომპონენტით შეივსონ დანაკარგი, რაც ისევ პაციენტს დააწვება.
-ჯანდაცვის სისტემის ერთ–ერთ ყველაზე პრობლემური მიმართულებად შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ სამედიცინო დახმარების ხარისხი?
ჩვენ ქვეყანას ჰყავს ბევრი მსოფლიო დონის სპეციალისტი, ძალიან კარგი და განათლებული მედიკოსი, მაგრამ მუდმივად საჭიროა ცოდნის განახლება და პრაქტიკაში მკურნალობის თანამედროვე პროტოკოლების დანერგვა.
ეს დღეს ვერ ხერხდება და ამის ძირითადი მიზეზია მედიკოსთა უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის არასავალდებულო ხასიათი.
უწყვეტი პროფესიული განათლება არის ჯანდაცვის განვითარების ქვაკუთხედი. სამწუხაროდ, ეს ჩვენთან გახდა ნებაყოფლობითი. ჩვენი გაერთიანება მუშაობს ამ მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ტრენინგების ჩატარებაზე. მაგრამ აუცილებელია უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემამ მიიღოს სავალდებულო ხასიათი.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ დარგობრივი პროფესიული ასოციაციები სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებას, რაც დაეხმარება ექიმებს გაეცნონ თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და თავიანთ საქმიანობაში მუდმივად იხელმძღვანელონ მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებით. ეს კი აუცილებლად აამაღლებს სამედიცინო დახმარების ხარისხს.