ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგმა ნანა კვაჭაძემ. ექიმმა დადებითად შეაფასა როგორც საყოველთო ჯანდაცვის პროგრამა, ასევე პირველადი რგოლის რეფორმაც.
„ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები აუცილებელი, დროული და მისასალმებელია. მათგან გამოვყოფდი ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა საუკეთესო ინიციატივაა. პაციენტს მსუბუქ დაავადებაზე აღარ დასჭირდება ვიწრო სპეციალისტთან სირბილი, დროის დაკარგვა და შესაძლებლობა ექნება უფასოდ გაიაროს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, ეს, რა თქმა უნდა, მათში გამოიწვევს კმაყოფილების მაღალ დონეს,“
– განმარტავს ოფთალმოლოგი, თუმცა ამავე დროს ოჯახის ექიმების კვალიფიკციის ამაღლების აუცილებლობაზეც საუბრობს:
„ჯანდაცვაში ნებსიმიერი რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ექიმების დატრენინგება. ეს ტრენინგი არ უნდა იყოს ერთჯერადი. ექიმებს მუდმივად ესაჭიროებათ უწყვეტი განათლების სისტემა. ადრე, ორ თვეში ერთხელ ტარდებოდა მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამაები, რაც ძალიან კარგი და ეფექტური იყო. აუცილებელია ამ სისტემის განახლება.“
რაც შეეხება, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ექიმის მას წარმატებულს უწოდებს:
„პაციენტებს უფინანსდებათ საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციები. ხალხი ვერ იკეთებდა კატარაქტას, გლაუკომას მაღალი ფასების გამო. ეხლა სწრაფი ტემპით იკეთებენ ყველაფერს და ძალიან კმაყოფილები არიან. პაციენტი, საბოლოოდ იხდის მხოლოდ 10%–ს, რაც იმასთან შედარებით, რაც რეალურად ღირს ოპერაცია, ძალიან დიდი შეღავათია’’.
ნანა კვაჭაძემ უკმაყოფილება გამოთქვა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით და ამ სიტუაციიდან ერთ–ერთ გამოსავლად ბაზრის ჯენერიკ მედიკამენტებით დაკომპლექტება დაასახელა:
„მედიკამენტები საგრძნობლად გაძვირდა. პაციენტები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ამასთან დაკავშირებით და მკურნალობის კურსს ვეღარ ასრულებენ. ამ სიტუაციის გასანეიტრალებლად კარგია ბაზრის ჯენერიკებით დაკომპლექტება. აუცილებელია მათი სეგმენტის გაფართოება. ჯენერიკსაც და ორიგინალსაც მოქმედების მექანზმი აბსოლიტურად ერთი და იგივე აქვთ. პაციენტები არ არიან ინფორნირებულნი კარგად ჯენერიკ მედიკამენტების შესახებ, გონიათ, რომ ის სუსტი მოქმედების, არაეფექტური და არასანდო პრეპარატია. აუცილებელია, პაციენტების შესაბამის დონეზე ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით’’.