კოვაქს პლატფორმიდან “ასტრაზენეკას” დამატებითი 43 ათასი დოზა ვაქცინის მიღების ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, AstraZeneca-ზე დარეგისტრირებულები ვაქცინას უახლოეს დღეებში მიიღებენ.
“კოვაქს პლატფორმასთან მიმართებაში ჩვენ ჯერ არა გვაქვს დაზუსტებული თარიღი, თუმცა რაც შეეხება დონაციას იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე რეგისტრირებულები არიან და ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ 10-დან 12 კვირამდე მიიღონ მათი კუთვნილი ვაქცინა, მოლაპარაკება დასრულებულია და უახლოეს დღეებში მათ ექნებათ განახლებული ხელმისაწვდომობა ვაქცინასთან მიმართებაში. არანაირი წყვეტა ამ კომპონენტში არ იქნება”, — აღნიშნა ტიკარაძემ.
21 ივნისს რესპუბლიკურ, ინფექციურ საავადმყოფოებში და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა.
ვაქცინების დეფიციტის პირობებში, “ასტრაზენეკას” პირველი დოზით ვაქცინაცია შეჩერდა, მეორე დოზის მიღება კი მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთათვისაც რევაქცინაციის ვადა იწურება და პირველი ინექციიდან მე-10-12 კვირაში იმყოფებიან.
ასტრაზენეკას 43 ათასი დოზა ვაქცინა ქვეყანას ჯერ კიდევ მაისში უნდა მიეღო, თუმცა პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
ხარვეზის მიზეზებს ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახური სწავლობს.