მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ასოციაცია: ფალსიფიკაციის რისკის გამო, თურქეთიდან წამლების იმპორტი უნდა გაკონტროლდეს

ასოციაცია: ფალსიფიკაციის რისკის გამო, თურქეთიდან წამლების იმპორტი უნდა გაკონტროლდეს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თურქეთიდან საქართველოში GMP-ის სტანდარტის იაფი მედიკამენტები შემოვიდა და აფთიაქებში უკვე ხელმისაწვდომია.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, რომ შემოსული მედიკამენტებიდან ფასის სხვაობა გამოიკვეთა რამდენიმე დასახელებაზე, ზოგიერთი წამლის ფასმა შესამჩნევად დაიკლო, თუმცა ზოგიერთის შემთხვევაში ფასის უმნიშვნელო სხვაობაა.

“თურქული მედიკამენტების შემოტანამ მედიკამენტების გარკვეული ნაწილის ფასები მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ თურქეთში ყველა მედიკამენტი იაფი არ არის, ზოგიერთ წამალზე ფასი ვერ ან ძალიან მცირედით შეიცვალა,” – ამბობს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, როგორც სამინისტროში განაცხადეს, კომუნიკაცია არის თურქულ მხარესთან, რომ მოხდეს ინფორმაციის გაცვლა თურქულ ბაზარზე ამა თუ იმ მედიკამენტზე შესაძლო ფალსიფიკაციის შესახებ ინფორმაციის შესახებ, ხოლო სხვა სახის მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების მიმართულებით არ არის.

“ამ პროცესში ჩვენი ასოციაციაც აქტიურადაა ჩართული და სამინისტროს ვაწვდით ყველა ახალ ინფორმაციას, რაც თურქეთში ფარმაცევტულ ბაზარს ეხება, რომ სახელმწიფომ თავიდან აირიდოს ფალსიფიცირებული მედიკამენტების იმპორტი. კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას მაღალი რისკი აქვს, რადგან თვითონ იქაურ ბაზარზე ფალსიფიკაციის მაღალი დონეა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ხარისხის კონტროლის კუთხით გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი და ველოდებით კონკრეტულად რა ცვლილებებზეა ლაპარაკი.

მინდა აღვნიშნო, რომ ლაბორატორიის შექმნა ძალიან კარგი და საჭიროა. თუმცა რამდენიმე ასეულ იმპორტიორს რომ ძალიან მცირე რაოდენობით, 10–20 კოლოფი მედიკამენტი შემოაქვს, შეუძლებელია ამის შემოწმება. როდესაც მსხვილი პარტია შემოდის ქვეყანაში, ამ შემთხვევაში მისი შემოწმება ლოგიკურია, რისთვისაც სახელმწიფომ ხარჯებიც უნდა გაიღოს. ლაბორატორია მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი ტიპის ფარმაცევტული ბაზრისთვის, ეს არ არის ხარისხის კონტროლის მთავარი მექანიზმი,” – აღნიშნავს ირაკლი მარგველაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, თურქეთიდან უკვე 20-მდე დასახელების მედიკამენტია შემოსული, რომელიც აფთიაქებში იყიდება. ფასი კი, ზოგიერთ შემთხვევაში 80-90%-ით არის შემცირებული. თურქეთიდან ჯამში 200 დასახელების მედიკამენტი შემოვა საქართველოში, რაც ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყანაში წამლის ხარისხის ლაბორატორია შეიქმნას.

 

business-partner.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …