მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » არის თუ არა ჰოლდინგური სისტემა ექიმებსა და ფარმაცევტებს შორის გარიგების მიზეზი – ნიკოლოზ გამყრელიძე კონკურენციის სააგენტოს ანგარიშზე

არის თუ არა ჰოლდინგური სისტემა ექიმებსა და ფარმაცევტებს შორის გარიგების მიზეზი – ნიკოლოზ გამყრელიძე კონკურენციის სააგენტოს ანგარიშზე

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის შუალედური დასკვნის შესახებ კომენტარს გამოცემა “BM.Ge ანალიტიკასთან” აკეთებს.

შეგახსებებთ: სააგენტოს ანგარიშის თანახმად, თუკი ბრენდულის ნაცვლად მომხმარებელი გენერიკულ ალტერნატივას იყიდდა, მაშინ მომხმარებლები ანალოგიური შემადგენლობის წამლებზე 16 მილიონი ლარით ნაკლებს დახარჯავდნენ. დოკუმენტში პრობლემურად არის შეფასებული ფარმაცევტული კომპანიების ორგანიზაციული სტრუქტურა – კონკურენციის სააგენტო მთავრობას ჰოლდინგური და არაპროფილური სეგმენტების შეზღუდვისკენ მოუწოდებს.

ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა დღეს პრობლემაა და აქედან გამომდინარე,  გენერიკებზე აქცენტის გაკეთება სწორი რეკომენდაციაა, რადგან მასზე ფასი გაცილებით ნაკლებია, თუმცა ამბობს იმასაც, რომ გენერიკების პოპულარიზაცია მხოლოდ კერძო სექტორის ამოცანა არ უნდა იყოს.

„ამოცანა არის, რომ  გავზარდოთ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.  აფთიაქში რომ შეხვალ, შეიძლება ერთი და იგივე აქტიური ნივთიერების ათი დასახელება  იყოს და ფასი მერყეობდეს 1 ლარიდან 10 ლარამდე. მოსახლეობაში მეტი პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა უნდა მოხდეს, რომ ყველა ამ წამლებში აქტიური ნივთიერება „იბუპროფენი“ ერთი და იგივეა და ერთნაირად აყუჩებს ტკივილს. ეს ვერ იქნება მხოლოდ კერძო სექტორის ამოცანა და ეს უნდა იყოს სახელმწიფოს და კერძო სექტორის ამოცანა,  რომ ცნობადობა გაზარდოს. ჩვენ პლატფორმა „სანდოცჩავუშვით, სადაც მოქალაქეს შეუძლია  ამა თუ იმ მედიკამენტის შედარება ფასის და აქტიური ნივთიერების მიხედვით, რათა ადამიანმა დაინახოს, ერთი და იგივე ნივთიერება რა დასახელებით და ფასით იყიდება. ეს პროპაგანდა უნდა გააქტიურდეს, რომ მოსახლეობამდე მივიდეს ეს ცოდნა. აქ ინფორმაციული ასიმეტრია დიდია. ასევე დიდია ექიმების როლი, ვინც რეცეპტს წერს, დიდია და ამ ნაწილშიც ვეთანხმები კონკურენციის სააგენტოს დასკვნას,“ – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მოვიყვანთ კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიშის იმ ნაწილს, რომელზეც გამყრელიძე ამახვილებს ყურადღებას: „სააგენტოს პოზიციით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სანქცირების არსებული მექანიზმი არასათანადო და არასაკმარისია იმ შესაძლო ზიანთან მიმართებით, რაც ინტერესთა შეუთავსებლობისა და ანგარებიანი ურთიერთობის შედეგად შესაძლოა მიადგეს პაციენტს. აღნიშნული, ბაზრის ჰოლდინგურ მოწყობასთან და ინტეგრაციის მაღალ ხარისხთან ერთად – სამედიცინო დაწესებულებებს, ფარმაცევტულ კომპანიებს და რეცეპტის/დანიშნულების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებს შორის შესაძლებელს ხდის ინტერესთა შეუთავსებლობისა და ანგარებიანი ურთიერთობის არსებობას, რაც უარყოფითად აისახება ბაზრის სტრუქტურაზე, კონკურენტუნარიანობაზე, მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეულ დანახარჯებზე და პაციენტის საუკეთესო ინტერესებზე.“

ნიკოლოზ გამყრელიძე აცხადებს, რომ ჰოლდინგების სტრუქტურას ფასთწარმოქმნაში არანაირი წვლილი არ აქვს. ესაა თავიდან ბოლომდე ღია ინფორმაცია, რომელიც მისი კომპანიის შემთხვევაში კვარტალურ ანგარიშებში, ღიადაა მოცემული.

„საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, დღეს მოცემულობაა, რომ ბაზრის ყველა დიდი მოთამაშე ე.წ. ჰოლდინგური სტრუქტურით ოპერირებს. მაგრამ აქ უნდა დავსვათ კითხვა – რას უშლის ხელს ეს სტრუქტურა? აქ იყო საუბარი, რომ პოტენციურად ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ექიმსა და ფარმაცევტს შორის გარიგებას. ბაზარზე მსგავსი პრაქტიკები არსებობს, მაგრამ კითხვა უნდა დავსვათ – ჰოლდინგი რომ არ იყოს, ეს გარიგება არ მოხდებოდა? დამერწმუნეთ, რომ მოხდებოდა და ვინც ამ სფეროში მუშაობს, ძალიან კარგად იცის, ეს გარიგებები სად ხდება, რა დონეზე ხდება და ასევე ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჰოლდინგების გამო არ ხდება. მულტინაციონალურ დიდ კომოპანიებს მსგავს გარიგებებზე აქვს დიდი კონტროლი და მკაცრი პოლიტიკა. მაგრამ ქართულ ბაზარზე ასევე არსებობენ კომპანიები –  ეგვიპტური, ინდური, თურქული, და თუ მსგავსი გარიგებები ხდება, და უნდა ვაღიაროთ, რომ არის ასეთი შემთხვევები – ეს ძირითადად ხდება ნაკლებად ცნობადი კომპანიების მიერ, რომ მათი ნაკლებად ცნობადი მედიკამენტი პოპულარული და ცნობადი გახადონ,“ – აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს, რომ ამაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

რაც შეეხება მედიკამენტების ფასების პირდაპირ კონტროლსა და მარჟების დაწესებას, ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, ეს პრაქტიკა ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ,  რომ ესეც არ იყოს კონტპროდუქტიული და არ გამოიწვიოს პრობლემების შექმნა ფიზიკური ხელმისაწვდომობის კუთხით.

გამყრელიძის თქმით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მიმართულებით გამოსავალია ასევე კერძო სადაზღვევო მოდელზე უფრო აქტიურად გადასვლა.

„კერძო სადაზღვევო კომპანიის დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ინდივიდების, რომლებიც ყოველდღე დავდივართ აფთიაქებში. ამის მიზეზი ისაა, რომ სადაზღვევო სექტორში არის მეტი მართულობა, გენერიკებზე აქცენტი, ოჯახის ექიმი.

თუ გვინდა რეალურად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, უნდა ვიფიქროთ რეალურ გამოსავლებზე, აქ ძალიან საშიშია პოპულიზმი, რადგან მალე გამოაშკარავდება, რომ დამატებითი რეგულაციები შედეგს არ მოგვცემს და მოქალაქეები ამით უკმაყოფილოები დარჩებიან. რაც შედეგზე ორიენტირებული რეფორმა იქნება, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ,“- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …