თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ნაშთების წყვეტა პერიოდულად ფიქსირდება, თუმცა თურქ პარტნიორებთან მოლაპარაკებები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მარაგების შევსება მოხდეს. მიზეზი კი ისაა, რომ თურქული მხარე სრულად ვერ აკმაყოფილებს ქართული მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას.
ამის შესახებ „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა ნაწილი თურქეთიდან იმპორტირებული, დაბალფასიანი მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებს, აფთიაქებში მათ ეუბნებიან, რომ კონკრეტული მედიკამენტი ქსელში არაა და უახლოეს დღეებში ელოდებიან.
ქეთი კოზმანაშვილის თქმით, „ფარმადეპო“ არის პირველი სააფთიაქო ქსელი, რომელმაც თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი განახორციელა და 28 თებერვლიდან ხელმისაწვდომი გახადა მოსახლეობისთვის. კომპანიამ პირველ ეტაპზე მომხმარებელს 32 დასახელების პრეპარატი შესთავაზა, დაახლოებით 1 კვირის წინ კი ასორტიმენტი გადაიხედა და ჩამონათვალი 46-მდე გაიზარდა. აღნიშნულ სიაში შედის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, რომლებიც დიაბეტის, გულსისხლძარღვთა, ნევროლოგიური და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
„საკანონმდებლო ცვლილება იმის შესახებ, რომ თურქული ბაზარი ფარმაცევტული კომპანიებისთვის გახსნილიყო, დიდი ხანი არ არის შევიდა ძალაში. ამიტომ, როდესაც მივმართეთ თურქეთში ჩვენ პარტნიორებს გაზრდილი შესყიდვების მოთხოვნით, მათ სრულად ვერ შეძლეს ჩვენი შესყიდვების მოთხოვნის დაკმაყოფილება. შესაბამისად, მათ დასჭირდათ გადაწყობა. ამიტომ ჩვენ თავიდანვე გვქონდა შეზღუდვა, რომ ჯერჯერობით „ფარმადეპოს“ 10 აფთიაქშია ხელმისაწვდომი თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები. 5 აქედან მდებარეობს თბილისში, დანარჩენი კი ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ქუთაისში.
ნაშთების კუთხით ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ სიტუაცია მაქსიმალურად დავარეგულიროთ, რომ ამ აფთიაქებში მედიკამენტები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, თუმცა განვმეორდები: გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პარტნიორი თურქული საწარმოები ჯერ ვერ გადაეწყვნენ და სრულად ვერ აკმაყოფილებენ ჩვენს შეკვეთებს, არის ხოლმე ნაშთების კუთხით წყვეტა, თუმცა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ერთის მხრივ გავაფართოვოთ ასორტიმენტი და მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი მედიკამენტი შევთავაზოთ, რომელიც თურქეთის ბაზრისთვისაა გათვლილი, მეორეს მხრივ მოვიცვათ ქსელი და „ფარმადეპოს“ ნებისმიერ აფთიაქში იყოს შესაძლებელი ამ მედიკამენტების ყიდვა, და მესამე – ძალიან მნიშვნელოვანია ნაშთების კუთხით უწყვეტობა, რომ მომხმარებელმა შეძლოს მისთვის სასურველი მედიკამენტის შეძენა,“ – განაცხადა ქეთი კოზმანაშვილმა.
მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ფილიალშია ხელმისაწვდომი თურქეთიდან იმპორტირებული, დაბალფასიანი მედიკამენტები, ვრცელდება როგორც „ფარმადეპოს“ ფეისბუქ გვერდის საშუალებით, ისევე მისი მიღება მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი (და არა მხოლოდ დასახელებული 10 აფთიაქის) თანამშრომლებისგან, ასევე კომპანიის ცხელი ხაზის საშუალებით.
„ვცდილობთ მომხმარებელს ყველა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ და ვცდილობთ, რომ უფრო მეტი შევთავაზოთ, ვიდრე დღეს ვთავაზობთ,“- განაცხადა „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, შეკვეთები ყოველდღიურად ხორციელდება და მედიკამენტი, რომელიც მომწოდებელს დღეს არ აქვს, შესაძლოა ხვალ ჰქონდეს.
ამასთან, კოზმანაშვილის ინფორმაციით, შეძენაზე ლიმიტია დაწესებული და მომხმარებელს ერთი დასახელების მედიკამენტების 1 თვის მარაგის შეძენა შეუძლია. რათა რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს თურქეთიდან იმპორტირებული, დაბალფასიანი მედიკამენტებით. „ეს განსაკუთრებით დღესაა მნიშვნელოვანი, როცა ნაშთები ასე თუ ისე შეზღუდულია,“- განაცხადა „ფარმადეპოს“ ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთიდან მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ყველაზე მოხმარებადი 50-მდე მედიკამენტი უკვე გაიაფდა. წლის ბოლომდე ამ რაოდენობის 200-მდე გაზრდა იგეგმება. ფასები 35-დან 75%-მდე შემცირდა.