მთავარი » დაზღვევა » “არდის” აღმასრულებელი დირექტორი: სადაზღვევო ბაზარზე უკვე გაჩნდა COVID-19-თან დაკავშირებული პროდუქტები

“არდის” აღმასრულებელი დირექტორი: სადაზღვევო ბაზარზე უკვე გაჩნდა COVID-19-თან დაკავშირებული პროდუქტები

Jandacva.ge-ს ინტერვიუ სადაზღვევო კომპანია “არდის” აღმასრულებელ დირექტორ მიხეილ ჯაფარიძესთან

– პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ბევრ სადაზღვევო კომპანიას ინდივიდუალური კერძო სამედიცინო დაზღვევის სეგმენტი გაეზარდა. კორპორაციულ მიმართულებაში კი სერიოზული პრობლემებია.  თქვენ კომპანიაშიც თუ ასეა და რით ახსნიდით ასეთ ტენდენციას?

– სამედიცინო დაზღვევაზე მოთხოვნა არ შემცირებულა 2020-ში, თუმცა შემცირდა დაზღვევის სხვა სახეობებზე. თუმცა, კონკრეტულად არდის შემთხვევაში ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობდა და ცდილობს ჯანმრთელობის დაზღვევა შეენარჩუნებინა თანამშრომლებისთვის მაშინაც კი, როდესაც მათი დიდი ნაწილი უხელფასო შვებულებაში იყო. იყო შემთხვევებიც, როდესაც ბიზნესს ისე გაუჭირდა, რომ ამის გაკეთებაც ვერ შეძლო, თუმცა ძირითადად ამ სახეობაში კლება არ ყოფილა. ვფიქრობთ, რომ ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. მაშინ როდესაც მსოფლიო მასშტაბით ადამიანებისთვის მთავარ ცხოვრებისეულ აქცენტად ჯანმრთელობა იქცა, ხარისხიანი სადაზღვევო მომსახურება ის ერთადერთი სიკეთე იყო, რომელიც შეეძლო დამსაქმებელს შეენარჩუნებინა თავისი დასაქმებულისთვის, რიგ შემთხვევაში უხელფასობის პირობებში.

–  ზოგადად,  რა შეცვალა სადაზღვევო ბიზნესში Covid 19-მა? 

–  ცხადია პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. ბიზნესს მოუწია გადაწყობა ახალი გამოწვევების საპასუხოდ. სადაზღვევო ბაზარსაც დასჭირდა ახალი, მოკლე და საშუალოვადიანი გეგმების გადაწყობა. მეტი აქცენტი გაკეთდა ციფრულ სერვისებზე და ეს ტრენდი მხოლოდ გაძლიერდება. დისტანციური მართვის ახალი მოდელების შემოღება გახდა საჭირო და უფრო მეტი ეფექტური გადაწყვეტილებების ძებნა პროდუქტიულობის შენარჩუნებისთვის.

– თქვენმა კომპანიამ რა ნაბიჯები გადადგა კოვიდპანდემიასთან ბრძოლის პროცესში?

–  ძალიან ვცდილობდით ახალი რეალობა არ ყოფილიყო შეფერხების მიზეზი არც ერთი მიმართულებით. სამედიცინო სერვისების ანაზღაურების ნაწილი სრულად გაციფრულდა. ოჯახის ექიმებისა თუ სხვა სამედიცინო მომსახურების მიწოდება პროვაიდერებთან აქტიური მუშაობით ასევე გადაეწყო და ახალი წესების შესაბამისად ხდებოდა და ხდება დაორგანიზება. ასევე გვქონდა აქტიური კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ჩვენი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში დავხმარებოდით სახელმწიფოს არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით ბინაზე პაციენტების მართვის დანახარჯების დაფინანსების კუთხით და ა.შ.

–   რამდენიმე კომპანიას ჰქონდა “კომერციული” ვაქცინის შემოტანის მცდელობა. როგორ შეაფასებთ ამ პროექტის საჭიროებას და დროულობას და თქვენი კომპანია თუ აპირებს ვაქცინების ჩამოტანას, როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდება? არის ეს რეალისტური?   

–    ამ ეტაპზე ვაქცინაციის საკითხზე ვრცლად ვერ ვისაუბრებ, რადგან ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ვფიქრობთ, რომ ეს თემა სახელმწიფოს მაქსიმალური კოორდინაციითა და მონაწილეობით უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული მართვის პრობლემები. დღეს მთელი რიგი მიმართულებით მსოფლიოშიც კი ვაქცინაციის პროცესში არსებული გამოწვევების (ეფექტურობა, ლოჯისტიკა, პრიორიტეტები და ა.შ.) დაზუსტება მიმდინარეობს და აქ შეცდომები მინიმიზებული უნდა იყოს. იმ ფონზე, როცა 2021 წლის სრული და 2022 წლის დიდი წილი წარმოების მარაგი, კონკრეტული ქვოტების მიხედვით არის გადანაწილებული მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, ცალკეული კერძო ინიციატივები ძალიან სწორი სისტემით უნდა დაიგეგმოს, რათა ერთმანეთში არ აგვერიოს საერთო პოლიტიკა და ცალკეული (კერძო) მარკეტინგული აქტივობა.

–   როდესაც კოვიდპანდემია გადაივლის, გაჩნდება თუ არა სადაზღვევო პაკეტებში კოვიდის მიმართულებით პროდუქტები? ახლა ხომ არაა რაიმე სიახლე ამ კუთხით?

–   როდესაც პანდემია გადაივლის (და მანამდეც), აუცილებლად მოხდება იმის ანალიზი, თუ რა ვისწავლეთ ამ გამოწვევებისგან. სადაზღვევო ბაზარზე უკვე გაჩნდა COVID-19-თან დაკავშირებული პროდუქტები.  მაგალითად: გამსვლელი ტურისტებისთვის სამოგზაურო დაზღვევაში „არდიმ“ უკვე გაააქტიურა კოვიდ დაფარვა, ასევე შემოვიდა საქართველოში უცხო ქვეყნის სტუდენტების სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროდუქტი, რომელშიც არდიც აქტიურადაა ჩართული.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …