მთავარი » დაზღვევა » არასაჭირო მედიკამენტების და სერვისების მოხმარება დაზღვევას აძვირებს – რატომაა ცუდი ჭარბი “სადაზღვევო მადა”

არასაჭირო მედიკამენტების და სერვისების მოხმარება დაზღვევას აძვირებს – რატომაა ცუდი ჭარბი “სადაზღვევო მადა”

დღეს ქვეყანაში არის სამედიცინო სერვისების ძალიან დიდი, ჭარბი მოხმარება. ამასთან, გაზრდილია საკვები დანამატების და ვიტამინების, ასევე არასაჭირო სამედიცინო კვლევების მოხმარება, რაც ცუდია, რადგან ეს პაკეტების გაძვირებას იწვევს. გაძვირების შედეგი კი დაზღვეულთა რაოდენობის შემცირება იქნება.

ამის შესახებ „პეესპე დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა სოფო ლებანიძემ განაცხადა.

„დაზღვევა არის გაუთვალისწინებელი რისკის მართვა, მაგრამ საქართველოში დღეს დაზღვევა ესაა გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების სქემა. აქ გაუთვალისწინებელი რისკების ნაწილი მინიმალურია. შემსყივდელს სურს ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, მედიკამენტები, ისეთი კვლევები, რომლებიც დაზღვევასთან და გაუთვალისწინებელ რისკთან ასოცირებული  არ არის. ანუ მადა, მიდგომა, სურვილები, შესაძლებლობები ქმნის იმ პრობლემას, რომ  გვაქვს გაზრდილი მოხმარება, მეორეს მხრივ დაზღვევის ინდუსტრია ვეღარ აწვდის ამ მოთხოვნების შესაბამის პროდუქტს იმ ფასად. ეს გავლენას ახდენს ასევე ეკონომიკაზე, რადგან დაზღვევის ინდუსტრია იძულებული ხდება გაზარდოს ფასები. ხოლო რაც უფრო გაიზრდება ფასები, დაზღვეულთა რაოდენობა შემცირდება,“ – განაცხადა სოფო ლებანიძემ.

მისი თქმით, გაზრდილ მოხმარებას აფინანსებს ეკონომიკის სხვადასხვა წყარო. ერთი წყაროა სახელმწიფო პროგრამები – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, საიდანაც ასევე ძალიან დიდი ფული იხარჯება არასაჭირო სამედიცინო სერვისებზე. მეორე ესაა პაციენტის ჯიბე და მესამე – დაზღვევის ინდუსტრია.

ლებანიძის განმარტებით, მომხმარებლის სადაზღვევო მადა დღეს გაზრდილია. ამას ადასტურებს დაზღვევის მოხმარების ანუ უტილიზაციის მატება, ამასთან, იზრდება დაზღვევის სარგებლის ცნობადობა და ამიტომ სხვადასხვა ორგანიზაცია აუმჯობესებს საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის დაფარვას. ამას ემატება ინფლაცია და ეს ყოველივე მოქმედებს ფასზე, შედეგად დაზღვევა ძვირდება. სწორედ ამას ასახელებს ლებანიძე იმის მიზეზად, რომ წელს, სხვა წლებთან შედარებით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გამოცხადებული ტენდერების ჩავარდნის ფაქტები გაიზარდა.

„რასაც სახელმწიფო გეგმავს, რომ იყიდოს დაზღვევის სფეროში, ასეთ ტენდერში მონაწილეობის მსურველი არცერთი სადაზღვევო კომპანია არ აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ბაზარზე დიდი კონკურენციაა და 18 კომპანია ოპერირებს,“- აღნიშნავს სოფო ლებანიძე.

მისივე თქმით, არასაჭირო სამედიცინო სერვისების ჭარბი მოხმარება არის არა მხოლოდ მომხმარებლის და შემსყიდველის, არამედ ჯანდაცვის სისტემის ბრალიც, რადგან დღეს არ არსებობს კონტროლის კარგი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, რათა არასაჭირო სამედიცინო ხარჯები დაიზოგოს ან შემცირდეს.

არასაჭირო სამედიცინო კვლევებისა და მედიკამენტების მოხმარების პრობლემაზე  ექიმებიც საუბრობენ. ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, საქართელოში ადამიანები „არნახული რაოდენობით მედიკამენტებს მოიხმარენ“.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …