მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » აქციამ შედეგი გამოიღო – დიაბეტის მქონე ბავშვები სენსორულ აპარატებს, სავარაუდოდ, მარტამდე მიიღებენ

აქციამ შედეგი გამოიღო – დიაბეტის მქონე ბავშვები სენსორულ აპარატებს, სავარაუდოდ, მარტამდე მიიღებენ

დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები ელოდებიან, რომ სენსორულ აპატარებს მათი შვილები ყველაზე გვიან მარტისთვის მიიღებენ. ასეთი იმედი მათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან თამარ გაბუნიასა და ილია ღუდუშაურთან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდათ, რომელიც მშობლების საპროტესტო აქციის შემდეგ შედგა.

მშობლების ინფორმაციით, სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ ტენდერი უახლოესი 10 დღის განმავლობაში გამოცხადდება. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით კი მორიგი შეხვედრა შაბათს ჩაინიშნა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით,  მხარეებმა შაქრიანი დიაბეტი ტიპი I-ით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისა და სენსორების შეძენას სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს.

„თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე დაწყებულია ბაზრის კვლევა, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და გაფორმდება ხელშეკრულება. შეხვედრას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თამარ მელიქიძე და ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ადამია ესწრებოდნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების“ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გუშინ გამართეს.

პროტესტის მიზანი ისაა, რომ, დაპირების მიუხედავად, ბავშვებს დღემდე არ მიუღიათ სპეციალური სენსორული აპარატები, რომლებიც სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

პროტესტის მონაწილეების განცხადებით, აპარატები 1300-მდე არასრულწლოვანს იანვრის თვიდან უნდა მიეღო.

პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წლის 15 იანვარს დამტკიცდა, ამ ეტაპზე კი ბაზრის მოკვლევა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე, სენსორულმა აპარატებმა  გლუკომეტრები უნდა ჩაანაცვლოს, რომლითაც სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა დღეში რამდენჯერმე, ჩხვლეტის გზით ხდება. ახალი მოწყობილობა კი 24-საათიანი მონიტორინგის ფუნქციას მარტივად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის გარეშე ასრულებს.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …