მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ანტიბიოტიკული რეზისტენტობა დღეს მსოფლიოში საკმაოდ სერიოზული პრობლემაა
ახალი ანტიბიოტიკის მიღების შემთხვევაშიც რეზისტენტობა ძალიან სწრაფად ვითარდება. მიკრობები ბევრად უფრო აქტიურად მოქმედებენ.

ანტიბიოტიკული რეზისტენტობა დღეს მსოფლიოში საკმაოდ სერიოზული პრობლემაა

ანტიბიოტიკების არამიზნობრივი მოხმარებას მსოფლიო აქტიურად ებრძვის. არამიზობრივი გამოყენების კუთხით საქართველო ერთ–ერთი პირველია. პრობლემის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიულ სნეულებათა დეპარტამენტის, ინფექციურ სნეულებათა მიმართულების პროფესორს, სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკის დირექტორის მოადგილეს მალვინა ჯავახაძეს ვესაუბრეთ. 

მისი თქმით, ანტიბიოტიკული რეზისტენტობის პრობლემა საქართველოში წარმოშვა რამდენიმე ფაქტორმა. ესენია: ანტიბიოტიკების არამიზანმიმართული გამოყენება და ანტიბიოტიკების უმიზნო  (რეცეპტის გარეშე) რეალიზაცია.

„როდესაც მიკრობი იჩენს რეზისტენტობას გარკვეული ანტიბიოტიკის მიმართ, იგი ისეთი სისწრაფით გადაეცემა არა ერთი, არამედ სხვადასხვა სახეობის მიკრობებს შორის, რომ ახალი ანტიბიოტიკის მიღების შემთხვევაშიც რეზისტენტობა ძალიან სწრაფად ვითარდება. მიკრობები ბევრად უფრო აქტიურად მოქმედებენ, ვიდრე ჩვენ მათ საწინააღმდეგო ახალ  პრეპარატებს ვიგონებთ“, – ამბობს ჯავახაძე.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ანტიბაქტერიული რეზისტენტობის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულები არიან ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, ვეტერინარები, ჯანდაცვისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა ერთიანი ძალებით მოხდეს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. ამ ყველაფერს კი ევროსტანდარტები აქტიურად ითხოვს.

„ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით დაავადების ეროვნულ ცენტრთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა. ამის გამოძახილია ისიც, რომ სენფორდის სახელმძღვანელო ითრგმნა ქართულად. ეს გახლავთ ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია იყენებს.

ამ დრომდე კლინიცისტები საქართელოში ვიყენებდით ამ სახელმძღვანელოს ინგლისურ ენაზე,  ახლა კი უკვე ქართულ ენზე ნათარგმნი სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი იქნება ყველა კლინიცისტისთვის, განსაკუთრებით კი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის.  ექიმებს  ენობრივი ბარიერი აღარ იქნებათ. ეს გახლავთ სამაგიდო სახელმძღვანელო, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა ექიმს, ვისაც შეხება აქვს ანტიბიოტიკურ თერაპიასთან“, – მიიჩნევს ჯავახაძე. 

„ამ სახელმძღვანელოს თარგმნისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობა არსებული რეალობიდან გამომდინარე დადგა.  როდესაც პაციენტები მოდიან სტაციონარებში, უკვე არიან ნამკურნალევი სხვადასხვა მედიკამენტებით და ხშირად ექიმებს უჭირთ არჩევანის გაკეთება ანტიბიოტიკებს შორის.

თუ პირველად ჯანდაცვის სისტემაში დარეგულირდება და იქვე არ მოხდება ფართო სპექტრის სარეზერვო ანტიბიოტიკების გამოყენება, ეს უკვე შემდგომ ხელს გაუხსნის ჰოსპიტალის ექიმებს.

ასევე, საჭიროა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკურ რეზისტენტობაში დიდი მნიშვნელობა აქვს  ვეტერინარიაში გამოყენებული ანტიბიოტიკების არარაციონალურ მოხმარებასაც. როდესაც ვეტერინარიაში ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება, ხოლო შემდეგ ამ პროდუქტებს ადამიანები ვიღებთ, ამ გზითაც ხდება რეზისტენტობის გადაცემა.

ამიტომ, როგორც მედიცინაში, ისე ვეტერინარიაში, ერთიანი ძალებით უნდა მოხდეს ამ პრობლემებზე კოორდინირებული მუშაობა. ისიც უნდა ითქვას, რომ მედიკამენტების რეცეპტით გაცემის რეგულაციის შემოღებიდან ერთი წელი გავიდა და შედეგები უკვე გვიჩვენებს, რომ ანტიბიოტიკური რეზისტენტობის კუთხით პაციენტებში დადებითი ცვლილებები შეინიშნება“, – აღნიშნა მალვინა ჯავახაძემ.

gurianews.com

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …