მთავარი » კვირის ინტერვიუ » ანტიბიოტიკებს შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მოუტანოს ადამიანს
ანტიბიოტიკებს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენება და ისინი უნდა დაუნიშნოს ექიმმა პაციენტს – ბაქტერიული ინფექციის არსებობის ან საფუძვლიანი ეჭვის დროს.

ანტიბიოტიკებს შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მოუტანოს ადამიანს

საქართველო ანტიბიოტიკების მოხმარების კუთხით პირველ ადგილზეა.

არასათანადოდ დანიშნული ანტიბიოტიკების შედეგებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ელზა ვაშაკიძე საუბრობს და აცხადებს, რომ ანტიბიოტიკებს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენება და ისინი უნდა დაუნიშნოს ექიმმა პაციენტს მხოლოდ დასაბუთებულ შემთხვევაში – ბაქტერიული ინფექციის არსებობის ან საფუძვლიანი ეჭვის დროს.

„გარდა ამ მოცემულობებისა, ანტიბიოტიკის დანიშვნა კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან ჩვეულებრივად მას შეუძლია ადამიანს სერიოზული ზიანი მიაყენოს გვერდითი ეფექტების სახით.

ანტიბიოტიკების ფართოდ მოხმარების ფონზე ხდება სელექცია ანტიბიოტიკრეზისტენტული სტამების, როცა შესაძლებელი ხდება რომ ჩვეულებრივი ფილტვების ანთებაც კი ადამიანისათვის სიცოცხლისთვის საშიში გახდეს, იმის გამო, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ანტიბიოტიკი აღარ იმოქმედებს.

რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ანტიბიოტიკს შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მოუტანოს ადამიანს. ის, რომ რეცეპტის გარეშე არ შეიძლება მათი დანიშვნა აბსოლუტურად მართებულია, – აცხადებს ვაშაკიძე.

მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა ძირითადად უბნის ექიმებთან და იმ ექიმებთან, ვისაც არ აქვს ანტიბიოტიკების დანიშვნის უფლება, რათა მათ არამიზნობრივად არ გამოიყენონ წამლები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენონ ზიანი.

„უამრავი შემთხვევა არსებობს, როცა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოუწვევია ამ ჯგუფის პრეპარატებს. მივესალმები წამოწყებას, თუკი ამ მხრივ უფრო მეტად გაძლიერდება მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და მედპერსონალის მეტად ინფორმირება მოხდება.

 როდესაც ოჯახის ექიმებს ვუკითხავთ ამ თემაზე ლექციას, მეტწილად იმას კი არ ვეუბნებით, სად და როდის დანიშნონ, არამედ რატომ უნდა შეიკავონ თავი ანტიბიოტიკის დანიშვნისგან. ვიდრე მას არ ექნება დასაბუთებული დიაგნოზი ან არ ექნება საფუძვლიანი ეჭვი მისი აუცილებლობის შესახებ“, – ამბობს ელზა ვაშაკიძე.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …