„ანტიბიოტიკების არასწორმა და ზედმეტმა გამოყენებამ კაცობრიობა მეორე უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება გლობალური ჯანმრთელობის უზარმაზარი გამოწვევა გახდა.
ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული საქართველოშიც აღინიშნება.
”ანტიბიოტიკების ჯგუფი მკურნალობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ანტიბიოტიკების აღმოჩენამ მედიცინაში უზარმაზარი გადატრიალება მოახდინა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ანტიბიოტიკების არასწორმა და ზედმეტმა გამოყენებამ კაცობრიობა მეორე უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. განვითარდა რიგი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა, როდესაც ანტიბიოტიკი ვეღარ მოქმედებს მიკრობზე და ხშირად ეს დაავადების გართულებისა და ავადმყოფის დაღუპვის მიზეზია.
ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება გლობალური ჯანმრთელობის უზარმაზარი გამოწვევა გახდა. წელს აღნიშნული საკითხი გაერო-ს სესიამ განიხილა.
ანტიბიოტიკები უნდა დავნიშნოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა დაინიშნოს ყველანაირ ინფექციაზე, მათ შორის, ვირუსულ გრიპზე, ისინი ვირუსებზე არ მოქმედებენ. რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკების ხშირმა და არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტობა, რომელიც შეიძლება უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდეს პაციენტისთვის, ვიდრე ის ძირითადი დაავადება, რომლის გამოც, მას ანტიბიოტიკს უნიშნავენ”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ და ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე აქტივობებზე ისაუბრა.
საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელმა მარიან ივანუშამ კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა ჯანდაცვის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვინაიდან თუკი ანტიბიოტიკები თავის ძალას დაკარგავენ, მაშინ შეუძლებელი იქნება საბაზისო ინფექციებისგან განკურნება და ბევრი ადამიანი დაიღუპება.
”ჩვენი მთავარი მიზანია სამედიცინო პერსონალს შევახსენოთ, რომ აუცილებლად გამოწერონ შესაბამისი ანტიბიოტიკები და ფართო საზოგადოებას მოვუწოდოთ, რომ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიიღონ ეს პრეპარატი, იმისათვის, რომ შევუნარჩუნოთ ძალა ანტიბიოტიკებს, რათა შევძლოთ ინფექციების განკურნება”, – განაცხადა მარიან ივანუშამ.
კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) კვირეულს 14-20 ნოემბერს მართავს, სლოგანით: ”გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად”. ამასთან დაკავშირებით დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერეცია გაიმართა, რომელსაც ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.