საქართველო ერთ–ერთი მოწინავეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ანტიბიოტიკებს დიდი რაოდენობით და ხშირად არამიზნობრივად მოიხმარს. ანტიბიოტიკების არასათანადო მიღება კი ადამიანის ჯანმრთელობას საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
რა კეთდება ამჟამად საქართველოში ანტიბიოტიკების შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელების კუთხით და რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა ამ ტიპის მედიკამენტების შესახებ? ამ თემებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მთავარ სპეციალისტს, მედიცინის დოქტორს, დავით წერეთელს ვესაუბრეთ .
– რატომ არის ანტიბიოტიკი მნიშვნელოვანი სამედიცინო პრეპარატი და რა დანიშნულება აქვს მას? რა უნდა ვიცოდეთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ?
ანტიბიოტიკებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა და ვაქცინაციასთან ერთად ხელი შეუწყო ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მნიშვნელოვან მატებას. უპირატესად ანტიბიოტიკების არამიზნობრივმა და არარაციონალურმა გამოყენებამ განაპირობა ანტიმიკრობული რეზისტენტობა, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი და მზარდი პრობლემაა. ანტიმიკრობული რეზისტენტობა იწვევს ავადობის, პაციენტის სტაციონარში დაყოვნების, სიკვდილიანობისა და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას.
ყოველწლიურად მცირდება ახალი ანტიბაქტერიული საშუალებების გამოგონება. თუ, მაგალითად, 1983–87 წლებში გამოგონილ იქნა 16 ახალი ანტიბაქტერიული საშუალება, 2003–2007 წლებში სულ 4, ხოლო 2008–2012 წლებში შეიქმნა მხოლოდ 2 ახალი ანტიბაქტერიული საშუალება.
ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს სამედიცინო პერსონალის მიერ ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენების საკითხი. ეს, პირველ რიგში, შემდგომში ნათლად აისახება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მკვეთრად შეამცირებს რეზისტენტული შტამების გავრცელებას, რაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს.
– ამ საკითხზე საუბრისას მედიცინის დარგის წარმომადგენლები აღნიშნავენ ხოლმე, რომ მათთან მისული პაციენტები ასახელებენ აფთიაქებს სადაც ანტიბიოტიკები რეცეპტის გარეშე გაიცემა…
– შეიძლება ვინმეს დღეს გარკვეული მოგება ჰქონდეს კომერციული თვალსაზრისით, მაგრამ ანტიბიოტიკების ურეცეპტოდ გაცემამ შეიძლება ადამიანს ჯანმრთელობა ისე გაურთულოს, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელი გახდეს. ანტიბიოტიკებს ზოგჯერ ადამიანები ახლობლების რჩევით იღებენ.
მაგალითად, ეტყვის ერთი მეორეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული დასახელების ანტიბიოტიკი მოუხდა. ასეთი მიდგომა ანტიბიოტიკებთან არ შეიძლება. როგორც კანონდარღვევა, ისე მორალური დანაშაულია რეცეპტის გარეშე ანტიბიოტიკის გაცემა. ადამიანს, რომელიც იღებს ანტიბიოტიკს არადანიშნულებისამებრ, შეიძლება დაემართოს გარკვეული რეზისტენტული ფორმის ინფექცია, რომელიც შემდეგ სხვა ადამიანს გადაეცემა და ასე შემდეგ.
– რა ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში?
ბოლო პერიოდში ამ კუთხით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თაოსნობით. ქართულად გამოიცა სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო.
პირველ ეტაპზე გამოიცემა სამი ათასი ეგზემპლარი და უახლოეს მომავალში დაურიგდება პირველადი ჯანდაცვის ექიმებს – ოჯახის ექიმებს და ა.შ. გარდა ამისა, პროფესორ მალვინა ჯავახაძის თაოსნობით შეიქმნა დასწრებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა ,,რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში“. ამ პროგრამის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, სადაც განხილული იქნება ანტიმიკრობული რეზისტენტობის აქტუალური საკითხები და ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება.
გარდა ამისა, ექიმები გაეცნობიან სენფორდის სახელმძღვანელოს, ,,ანტიმიკრობული თერაპიის“ გამოყენებას. ამ ტრენინგებზე განხილული იქნება ამბულატორიული პაციენტების ზემო და ქვემო სასუნთქი გზები, კანისა და კანქვეშა ქსოვილების, საშარდე და სანაღვლე გზების ინფექციები, ეტიოლოგია, პათოგენები და ანტიმიკრობული თერაპია. სავარაუდოდ, ოქტომბრიდან დაიწყება ტრენინგები პირველადი ჯანდაცვის ექიმებისათვის.
– როგორი გამოცდილება აქვს ანტიბიოტიკების სათანადო მოხმარების კუთხით ევროპის და სხვა კონტინენტების განვითარებულ ქვეყნებს?
– დღეს ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების მხრივ ყველაზე მეტად წარმატებული არის სკანდინავიის ქვეყნები და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომელთაც, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს. ამ ქვეყნებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული რეზისტენტული შტამები და ყველა მათგანი ანტიბიოტიკებს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ დანიშნულებისამებრ. მოსახლეობა ამ ქვეყნებში ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობას თითქმის არ ეწევა.
რაც შეეხება საქართელოს, ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, როცა დაინერგა ანტიბიოტიკების მხოლოდ რეცეპტით გაცემის რეგულაცია.