მედიკამენტების ფასების ცვალობადობისა და ხარისხის თემას ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე გამოეხმაურა.
„საბედნიეროდ, თავად ხშირად არ მიწევს აფთიაქში მისვლა მედიკამენტებთან დაკავშირებით და რეალურად, არც კი ვიცი, რამდენად და როგორ იმატებს ფასები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მესმის, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ მედიკამენტები, იგივე პენსიონერებს თუ ქრონიკული დაავადების მქონეთ.
თავად ის ფაქტი, რომ წამლები ღირს ძვირი და მოქალაქეთა უმრავლესობას ეს აწუხებს, რასაკვირველია, უნდა იყოს გადახედილი. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფოს ჩარევას ფასების რეგულირებაში მე გამოვრიცხავ, რადგან ბაზარზე არიან კერძო კომპანიები და მათ საქმიანობაში ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება გამართლებული.
თუმცა, თუ საკანონმდებლო რეგულაციები გახდება საჭირო პრობლემის დასარეგულირებლად, მე, როგორც დეპუტატი, მზად ვარ ამ საკითხზე ვიმუშაო“
– აცხადებს მიროტაძე.
„პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობას მე ცოტა სხვაგვარად ვუყურებ. მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ არ გაამართლა, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვართან მყოფ მოქალაქეებს და უფინანსებს მათ ოპერაციებს და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო ჩარევებს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი სოციალური პაკეტი იყო და მან ნამდვილად გაამართლა“
– მიაჩნია ანი მიროტაძეს.
მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე, რომ სოციალურად დაუცველებისათვის მედიკამენტების შეძენა შესაძლებელი იყოს უფრო ნაკლებ ფასში. „თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ფარმაცევტული კომპანიების ხარჯზე, არამედ ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ სოციალური პაკეტის სახით.
ამ თემაზე გვქონდა საუბარი ჩემს კოლეგებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ისინი ფიქრობდნენ, რომ მედიკამენტების თემა გაგვეთვალისწინებინა სოციალურ პაკეტში. თუმცა არ ვიცი, საბოლოო ჯამში რას შემოგვთავაზებს მთავრობა.
საბოლოოდ იმის თქმა მსურს, რომ ეს პრობლემა ნამდვილად გვაწუხებს, თუმცა სახელმწიფოს ჩარევა ბაზარზე ფასების დასარეგულირებლად ლიბერალური ეკონომიკის პირობებში არ იქნება გამართლებული, – აცხადებს მიროტაძე.
იგი საუბარში შეეხო ასევე მედიკამენტების ხარისხის პრობლემასაც და აღნიშნა, რომ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი უნდა იყოს მაქსიმალური.
„თუ ამ საკითხში სახელმწიფოს დამატებითი ჩარევა იქნება აუცილებელი, მე, რასაკვირველია, მხარს დავუჭერ, რომ ყველა კანონიერი ნორმა იყოს გამოყენებული, რათა დაცული იყოს იმ მედიკამენტთა ხარისხი, რასაც მოიხმარს საზოგადოება“
– განაცხადა ანი მიროტაძემ.