მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ანდრიი კუზმა: გაძლევთ გარანტიას, რომ მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნება
ქარხნის სიმძლავრე საკმარისი იქნება, რომ უზრუნველყოს მთლიანად ამიერკავკასიის მოთხოვნები. მე გაძლევთ გარანტიას, რომ მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნება.

ანდრიი კუზმა: გაძლევთ გარანტიას, რომ მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნება

ფარმაცევტულმა კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯიამ“ წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესი დაასრულა და უკვე ხვალიდან მომხმარებელს შეეძლება, ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების დაბალ ფასად შეძენა.

უახლოეს მომავალში, სააფთიაქო ქსელები ასევე მომარაგდება სხვა ჯგუფის მედიკამენტებითაც. გარდა ამისა, „ჰუმანითი ჯორჯიას“ გადაწყვეტილი აქვს ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით და სასაწყობო მეურნეობებით.

როგორც ირკვევა, „ჰუმანითი ჯორჯია“ მოსახლეობას ჯენერიკ-მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ექსპერტთა ერთი ნაწილი მედიკამენტების მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზეც მიანიშნებს და მოსალოდნელ დეფიციტზე საუბრობს. თუმცა მეორე ნაწილი აღნშნავს, რომ პროცესი გაკონტროლდება და დეფიციტის საფრთხე არ იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანდრიი კუზმამ დღეს „რედისონში“ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ყველა წამყვანი ფარმაცევტული ქსელის ხელმძღვანელი ესწრებოდა, აღნიშნა, რომ ქარხანას, რომელიც აშენდება, ექნება საკმარისი რესურსი დეფიციტთან ნებისმიერი გამკლავებისთვის:

,,მოგეხსენებათ, იგეგმება ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა. ამ ქარხნის სიმძლავრე საკმარისი იქნება, რომ უზრუნველყოს არა მარტო საქართველოს, არამედ, მთლიანად ამიერკავკასიის მოთხოვნები. მე გაძლევთ გარანტიას, რომ მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნება. ასეთი რისკის წარმოქმნა შეუძლებელია, რადგან ქარხნის რესურსები, რომელიც აშენდება, სრულად გაუმკლავდება ნებისმიერი დეფიციტის საფრთხეს“,– აღნიშნა „ჰუმანითი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, ანდრიი კუზმამ.

უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები „ავერსი“, „იმპექს-ფარმა“, PSP, „სახალხო აფთიაქი“, „ფარმადეპო“, „ფარმა სახლი“ და GPC, კარდიოლოგიურთან ერთად, სხვა ჯგუფის მედიკამეტებითაც მომარაგდება. ახალი ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას არსებული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. მათი თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტულია, კონკურენცია კი არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა, ეს ყველაზე მეტად, საბოლოო ჯამში, მომხმარებელს წაადგება სასიკეთოდ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …